სტაბილური ვარდნის პროცესში ვართ და უკანასკნელ ნამცეცებს ვჭამთ… ვარდნის ტემპი მოიმატებს და უფსკრულში აღმოვჩნდებით – გია ხუხაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი:

– ბატონო გია, პანდემიის მიზეზით, ხელისუფლების მკაცრი და ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელი შეზღუდვების გამო, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი გაიზარდა, იყო საპროტესტო აქციები. სხვა და სხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენებიც და დასაქმებულებიც უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. ფაქტია, ამ აქტიურობამ, ხალხის პროტესტმა აიძულა ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო და რეგულაციების ნაწილი იმაზე ადრე მოხსნა, ვიდრე კანონში ჰქონდა გაწერილი. ვფიქრობ, თუ ხალხის პროტესტი არ შეწყდება და საპროტესტო მუხტი გაიზრდება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, არა მხოლოდ  არასამართლიანი შეზღუდვები მოხსნას, ხალხი მას სხვა დათმობებზეც წამოიყვანს. თქვენ რას ფიქრობთ?

– მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ პროცესს. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა – გვაქვს ტოტალური პრობლემები, ტოტალური კრიზისი ყველა მიმართულებით და  მათ შორის, ორ მთავარ შიშთან დაკავშირებით – ეს არის  პანდემიით გამოწვეული სიკვდილის შიში და შიმშილის შიში, რაც უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობით არის გამოწვეული, რაც ბიზნესის, მეტწილად კი,  მომსახურების სფეროს გაჩერებას მოჰყვა. ეს დილემაა, ეს არ არის ადვილად გადასაჭრელი ამოცანა. ახლა რომ ავდგეთ და ცალსახად ვილაპარაკოთ ყველაფერის გახსნასა და ყველაფერის დაკეტვაზე, არ იქნება სწორი. ბალანსის დაცვაა საჭირო. მე ხელისუფლებასთან ის პრეტენზია კი არ მაქვს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების  საფუძველზე თუნდაც მკაცრ რეგულაციებს აწესებს, მე ხელისუფლებასთან პრეტენზია მაქვს, რომ ამ დაკეტვის პირობებში, ჩნდება უზარმაზარი სოციალური პრობლემები და ქვეყანას არ აქვს არანაირი რესურსი, რეზერვი, რომ ეს სოციალური პრობლემები გადალახოს. მე უფრო ეკონომიკის გაჩერება კი არ მადარდებს, აქედან გამომდინარე სოციალური პრობლემები მადარდებს. მე ჯანდაცვის  სპეციალისტი არ ვარ, რომ კატეგორიული ვიყო. ახლა, რომ ავდგეთ და ყველაფერი გავხსნათ და სერიოზული რყევები მივიღოთ პანდემიის გავრცელების მხრივ, ეს არავის უნდა, ცხადია. ევროპაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ასეთი რისკი არსებობს. თითქოს რომ ეგონათ, მორჩა პანდემიაო, მაშინ აგორდა მეორე ტალღა და დღეს ვხედავთ, რა დღეში არიან. კი, ბატონო, თუ საჭიროა ჩაკეტე, მაგრამ ხალხსაც მიხედე. და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ამ რეგულაციების, ამ ჩაკეტვების პარალელურად? რით ეხმარება ხალხს? არაფრით! ის 200 და 300 ლარიანი დახმარება ხალხის შეურაცხყოფაა და მეტი არაფერი.  ხალხს შია და ელემენტარულად, გადარჩენის პრობლემა დაუდგათ. შიმშილით მოკვდება ადამიანი თუ ვირუსით, რა მნიშვნელობა აქვს? ხელისუფლებისადმი პრეტენზიის, ასე ვთქვათ, აქცენტია შესაცვლელი. ხელისუფლება თუ ბიზნესს არ ხსნის და თავს იმართლებს პანდემიის მასშტაბების შესაძლო გაზრდით, მაშინ კი, ბატონო, ვიქნები დაკეტილი, არ ვიმუშავებ, ხალხს ვერ ვამუშავებ თავისთავად, მაგრამ შეგვიქმენი ისეთი პირობები, რომ ადამიანურად ვიცხოვროთ,  ღირსეული დახმარება გაგვიწიე,  შიმშილის საფრთხე არ დაგვემუქროს. აი, აქ არის პრობლემა, ჩემი აზრით.

– ეს პრობლემა უფრო გაღრმავდება. აქამდე საგარეო ვალებით გაჰქონდა თავი ხელისუფლებას, ბიუჯეტშიც  ფული შედიოდა. ახლა, ვეღარც საგარეო ვალებს იღებენ და ბიზნესიც  გაჩერებულია და ბიუჯეტში შენატანებმა კატასტროფულად იკლო. ხალხს  ღირსეულად დაეხმარონ კი არა, იმ 200 და 300 ლარიან დახმარებებსაც ვეღარ გასცემენ მალე. ხელისუფლებამ თავად მოიქცია  ამ ჩიხში თავი.

– კი, გეთანხმებით. ზუსტად ამაშია პრობლემა, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ასევე მკაცრი რეგულაციებია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი რეზერვი, რომ ამ სოციალურ ტრაგედიას გავუმკლავდეთ. რაღაცებს რომ კეტავენ, შესაბამისი კომპენსირება უნდა მოახდინონ ამ ბიზნესებისა. შესაძლოა, სრულად არა, მაგრამ ბიზნესს უნდა დაეხმარო, რომ მინიმალური  დანაკარგები ჰქონდეს. ზოგს სუფსიდირება სჭირდება, ზოგს გადასახადების გადავადება ან, საერთოდ არ უნდა გადაახდევინო გადასახადები იმ პერიოდისა, როდესაც გაჩერებულია. საბანკო კრედიტები აქვთ ბიზნესებს და აქაც უნდა უშუამდგომლო ბანკებთან, რომ გადაუვადონ სესხები.ისე არა, ჩვენი ბანკები რომ აკეთებენ – 3 თვით გადაგივადებენ სესხებს და მერე, იმ 3 თვის გადასახადს ერთად გთხოვენ და ჯამშიც ბევრად მეტს იხდი. ხელისუფლებამ უნდა დააზღვიოს ბიზნესი საბიუჯეტო ფულით და საგადასახადო შეღავათებით. ასე იქცევიან ევროპის ქვეყნები. ასევე, ღირსეულ ფულად დახმარებებს აძლევენ იმ ხალხს, ვინც უმუშევარი დარჩა. იქ შიმშილით სიკვდილი არავის ემუქრება. ჩვენთან უკვე შიმშილობს ხალხი. ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, მისი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, მათ შორის, შიმშილისგან და ეს ხელისუფლება ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს. ბუნებრივია, როდესაც კეტავ ბიზნესებს, ხალხს შემოსავლის გარეშე ტოვებ და ფაქტიურად, საშიმშილოდ იმეტებ, მაშინ ამ ხალხის აგრესიაც ხელისუფლების მიმართ ლოგიკური და გამართლებულია. ამ კრედიტებს რომ იღებს ჩვენი სახელმწიფო, კრედიტის აღებაში არ არის პრობლემა, მთავარია გადაიხადო ეს კრედიტი. როგორც წესი, კრედიტებს იღებენ იმისთვის, რომ ეკონომიკა დაიქოქოს. ჩვენთან ეს კრედიტები ისეთი მიმართულებებით წავიდა, რასაც ეკონომიკური ეფექტი არ ექნება. საგარეო ვალების მოცულობა იზრდება და ქვეყნის გადახდისუნარიანობა მცირდება. ფაქტობრივად, უფსკრულისკენ მივდივართ ამ მიმართულებით. ეს ფულიც დაიხარჯება და მერე რას აპირებენ? ბიუჯეტში ფული არ შედის და თუ შედის, ძალიან მცირე და საგარეო ვალებსაც აღარ მოგვცემენ.

– საბოლოოდ, სად მივალთ?

– ჩვენ სტაბილური ვარდნის პროცესში ვართ ყველა მიმართულებით. ტემპი ჯერ მდორეა, უკანასკნელ ნამცეცებს ვჭამთ. ეს პირობითი სტაბილურობაა, პირობითია ეს მდორე ტემპი, რადგან რაც აღებული გვაქვს საგარეო ვალები, იმას სრულად რომ ავითვისებთ, მერე რთულად იქნება საქმე. ვარდნის ტემპი მოიმატებს და უფსკრულში აღმოვჩნდებით.

– ვაქცინაციის შესახებ მინდა გკითხოთ. ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო ვაქცინაცია, ზოგმა იყიდა ვაქცინა და მალე დაიწყებს აცრებს. დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულში ამბობდა, ფული წინასწარ გადახდილი გვაქვს და საჭირო რაოდენობის ვაქცინას უპრობლემოდ  შემოვიტანთო. მერე თქვა, თებერვალში მოსახლების 60%–ს ავცრითო და დღეს 7 თებერვალია და ერთი კაცია არ არის აცრილი. ამირან გამყრელიძისა და მთავრობის სხვა ფავორიტი ექმიმებისა და სამედიცინო სისტემის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით, პრემიერი გიორგი გახარია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასეთივე ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს, ყველას ხმა აქვს ჩაწყვეტილი, რადგან ვაქცინა ვერ იყიდეს. ვის და რის იმედად ვართ, კაცმა არ იცის, ჰაერში ვართ გამოკიდებულნი. ბოლოს ალბათ იქამდე მივა საქმე, რომ ყველაზე უვარგის, ექსპერიმენტულ ვაქცინას შემოიტანენ და იმით აცრიან ხალხს და ამას რა უბედურებები შეიძლება მოჰყვეს, არავინ იცის.

– ყველა ქვეყანა ძალიან აქტიურია ვაქცინის შეძენაში. არსებობს ასეთი, „კოვაქსის“ პლატფორმა,რომელიც შეღავათიან  ფასად და უფასოდაც აძლევს ვაქცინას ღარიბ ქვეყნებს, მაგრამ აქ ჰიპერაქტიურობაა საჭირო. არავინ დაგიძახებს და არ გეტყვის, ვაქცინა ხომ არ გჭირდება, მე მოგცემო. ჰიპერაქტიურობა კი არა, არანაირი აქტიურობა არ ჩანს ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლებისგან. როდესაც ვინმეს ინტერესებში შედიოდა კონკრეტული მედიკამენტების შეძენა, მაშინ  თავს იკლავდნენ, რომ ეყიდათ. გახსოვთ, კორონავირუსის ერთ–ერთი სამკურნალო მედიკამენტის,“რემდესივერის“ შეძენაზე რა ამბავი ჰქონდათ? მგონი, იმდენი იყიდეს, ათ საქართველოს ეყოფოდა. მთელი ამბები  ატყდა და მერე რამხელა პიარი გაუკეთეს ამ წამალს, გეხსომებათ – საქართველომ დიდი რაოდენობით „რემდესივერი“ იყიდა და ეს რა მაგარი ხელისუფლება გვყოლიაო. ბოლოს გაირკვა, ეს „რემდესივერი“  დიდად ეფქტური  არ იყო კორონავირუსთან საბრძოლველად.

– იგივე გააკეთეს „პლაქველინზეც“.

– კი, ბატონო და მაგაშიც ვიღაცის ინტერესები იქნებოდა. ახლა გვეუბნებიან, რომ პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ 29 000 დოზა ვაქცინა გვექნებაო, რაც სამედიცინო პერსონალს, ალბათ, ძლივს ეყოფა. ეს არ ნიშნავს ვაქცინაციას. ეს გადაზღვევაა, მეტი არაფერი. თან ეს „ფაიზერის“ ვაქცინა განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს. –70, –80 გრადუსზე უნდა შეინახო, თან მიწოდებიდან ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მისი მოხმარება. შესაბამისად, მაცივარ თვითმფრინავით უნდა ჩამოიტანო, რომელშიც ეს –70 თუ –80 გრადუსი ტემპერატურა იქნება. ეს კი ლოჯისტიკას ძალიან ართულებს. მეეჭვება, რომ მისი საქართველოში დისტრიბუცია სრულფასოვნად იყოს შესაძლებელი. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ვაქცინა ყველა ასაკის ადამიანზე ეფექტური არ არის. თუმცა, მის შემოტანასაც შეძლებენ თუ არა, ესეც არ ვიცით. ჩვენმა მეზობლებმა დაიწყეს ვაქცინაცია – თურქეთმა, აზერბაიჯანმა, რუსეთმა. ხელისუფლების ეფექტურობა ძალიან დაბალ დონეზეა. როდესაც ასეთი რთული მდგომარეობაა ქვეყანაში, როდესაც პანდემიის გამო ამდენი ხალხი ავადდება და იღუპება, ასეთ დროს ეს მდორე, ნელი მოქმედება ხელისუფლებისა, დანაშაულის ტოლფასი ხდება.

– ამ ვაქცინაციის შეფერხება თავისთავად მოითხოვს რეგულაციების გაგრძელებას.

– რა თქმა უნდა. მოსახლეობის 60–70% რომ აიცრას, ამდენი რეგულაცია საჭირო აღარ იქნება, ბევრი რამ გაიხსნება, ბევრი შეზღუდვა  მოიხსნება და მეტ–ნაკლებად, ხალხი დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას.

ლევან ჯავახიშვილი, ალია