„ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი.
– ბატონო გია, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი უთხრა ალეკო ელისაშვილს. ასე ვთქვათ, გაასაჯაროვა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „არაეთიკური“ უწოდა წულუკიანის საქციელს. საქართველოს საკითხებზე მომუშავე ექვსმა ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ერთობლივი წერილით მიმართა და საკანონმდებლო ორგანოში პირადი ცხოვრების გაუფრთხილებლად დარღვევის გამო შეშფოთება გამოხატა. ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ტელეფონის გამჟღავნების ფაქტი გააკრიტიკეს. სიმართლე გითხრათ, ნიკა გვარამია გულზე დიდად არ მეხატება, მაგრამ იუსტიციის ექს–მინისტრმა, მოქმედმა დეპუტატმა, იმდენი არ უნდა იცოდეს, რომ ბიზნეს–კომპანიის მენეჯერი საჯარო პირი არ არის და მისი ტელეფონის ნომერი არ უნდა გაასაჯაროოს? თუ იცოდა და განგებ გააკეთა, მაშინ – უარესი.
– თეა წულუკიანისგან არაფერი გამიკვირდება. მისთვის დიაგნოზი დიდი ხანია დასმული მაქვს – ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველაფერი იკადროს და მერე ამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი კეთილი მიზნებით გააკეთა. მან დაარღვია ფუნდამენტური უფლება ადამიანის, თუნდაც ძალიან საზიზღარის. წულუკიანმა დაარღვია პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის პრინციპი. ამით ნიკა გვარამიას სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე იმით, რომ საზოგადოების პოლარიზაცია მაღალია და გვარამიას მიმართ, საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად, მეტიც, აგრესიულად არის განწყობილი. წულუკიანი ამტკიცებდა, რომ სწორად მოიქცა და ალბათ, ახლაც დარწმუნებულია, რომ მართალია. ასეთ ადამიანზე და მის გამოხტომებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ლევან ჯავახიშვილი, ალია