კულუმბეგოვი – რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემია მით უფრო მალე დასრულდება

ინფექციონისტ-იმუნულოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება.

კულუმბეგოვის თქმით, აუცილებელია ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს. რამდენი პროცენტი ემხრობა ვაქცინას ექიმებს შორის, ასაკოვან ადამიანებს შორის, რამდენი გაითვალისწინებს რელიგიური და სხვადასხვა კონფესიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ა.შ. ჩვენ როცა გვექნება ეს სურათი, რეალურად მივხვდებით, ის 41 პროცენტი, ვინც უარს ამბობს რა ნაწილშია გადანაწილებული. შესაბამისად, სახელმწიფომ მერე დეტალური ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთოს, სპეციალური საინფორმაციო ვიდეოები უნდა იყოს დამზადებული. ადამიანებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ, სად მზადდება ვაქცინა, როგორ მოდის ჩვენამდე, რა ხდება როცა ორგანიზმში შედის.

ეს ყველაფერი ადამიანებს უქმნის სწორ ინფორმაციას და წარმოდგენას, რომ ვაქცინაცია საყოველთაო სიკეთეა, რაც მსოფლიოში აღიარებულია, ჩვენმა ქვეყანამ ამაზე უარი არ უნდა თქვას. რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება ჩვენს ქვეყანაში, ეპიდემიაც მით უფრო მალე დასრულდება“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

წყარო: newposts.ge