რისკ-ჯგუფებში შემავალ მასწავლებლებს საგნის დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა ექნებათ

რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას, რათა მუშაობა დისტანციურ ფორმატში განაგრძონ, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 1 მარტის ნაცვლად 15 თებერვლიდან განახლდება. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში კი იგი 1 თებერვლიდან უკვე აღდგა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა პროცედურები ჩატარდება განათლების სამინისტროს მხრიდან სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში.

„მინდა აღვნიშნო ის პროცედურები, რომლებსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს. თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში – ეს იქნება მოსწავლე, მასწავლებელი თუ სკოლის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში რაიონული ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, თუ მთლიანად სკოლა“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა>>

სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით, სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი, კლასიდან კლასში გადაადგილებისას მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით, ასევე მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით.

“სპუტნიკი”