თამარ კიკნაძე: საჭიროა, აქცენტი  რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, სახალხო დიპლომატიასა და დიალოგზე აფხაზებსა და ოსებთან

ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მთავარსარდლის პოსტი, როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, არჩევნების ტოტალური გაყალბებით დაიკავა, 5 თებერვალს თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გეგმის პრიორიტეტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “ამერიკა დაბრუნდა…”

მისი თქმით, ის აღადგენს ალიანსებს, გააძლიერებს თანამშრომლობას და გაატარებს უფრო აქტიურ პოლიტიკას მსოფლიოში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ: “ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცენტრში… ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსებს, ჩავერთვებით არა იმიტომ, რომ გავუმკლავდეთ გუშინდელ გამოწვევებს, არამედ დღევანდელსა და ხვალინდელს. ამერიკული ლიდერობა მზად უნდა დახვდეს ამ ახალ მომენტს ავტორიტარიზმისა, მათ შორისაა ჩინეთის მზარდი გავლენები და რუსეთის განზრახვა, ძირი გამოუთხაროს და დააზიანოს ამერიკული დემოკრატია…”

ბაიდენის შეფასებით, ბოლო წლებში “ბევრმა ღირებულებამ” დიდი წნეხის ქვეშ გაიარა და “უფსკრულსაც მიუახლოვდა,” მაგრამ ქვეყანამ ამ გამოწვევას გაუძლო და დღეს ამერიკელი ხალხი, მის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანლობასთან ერთად, გაცილებით უკეთაა შეიარაღებული მსოფლიოში დემოკრატიის დასაცავად: “ჩვენ დიპლომატიით უნდა დავიწყოთ, ამერიკის ყველაზე უფრო საამაყო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებით _ თავისუფლებისა და შესაძლებლობების დაცვით, უნივერსალური უფლებების ერთგულებით, სამართლის უზენაესობის პატივისცემით, ყველა ადამიანისადმი ღირსეულად მოპყრობით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ამ ღირებულებამ დიდი წნეხის ქვეშ გაიარა ბოლო წლებში, უფრო მეტიც, უფსკრულსაც კი მიუახლოვდა ბოლო კვირებში. ამერიკელი ხალხი ამ სიტუაციიდან გამოვა უფრო ძლიერი, უფრო მიზანდასახული და უკეთ შეიარაღებული დემოკრატიის დასაცავად მსოფლიოში…”

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, აცხადებდა, რომ მას არ აინტერესებდა არც ერთი ერის ტრადიციული კულტურა და ყველამ უნდა აღიაროს ლგბტ უფლებები.

“ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ და არ ამყარებენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო”, _ განაცხადა ჯო ბაიდენმა მსოფლიოში სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებთან შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ისლანდიის ელჩები ესწრებოდნენ…

რას ნიშნავს დღეს აშშ- ის პრეზიდენტის განცხადება მსოფლიოში დემოკრატიის, ადამიანური ღირებულებებისა და “უნივერსალური უფლებების” დაცვაზე და რა დირექტივებს უნდა ელოდოს საქართველო, როგორც ამერიკის სატელიტი ქვეყანა,მომავალში _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

_ ქალბატონო თამარ, ამას წინათ ამერიკის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა და, რაც მთავარია, დიპლომატია დაბრუნდა მისი საგარეო პოლიტიკის ცენტში. მან განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მსოფლიოში დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისა და “უნივერსალური უფლებების” დასაცავად. თქვენი აზრით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რა სახეს მიიღებს ის რეალურ პოლიტიკაში და როგორ აისახება ჩვენზე?

_ ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკის დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური სტრატეგია გლობალურ საკითხებზეა ორიენტირებული, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, რომელიც უპირატესობას საშინაო პრობლემების მოგვარებას ანიჭებდა. ტრამპის სლოგანი იყო: “გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი”. ტრამპი ორიენტირებული იყო ამერიკული ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, საწარმოების აშშ-ში დაბრუნებაზე და გლობალური ორგანიზაციების წევრობაზე უარს ამბობდა; ის, აგრეთვე, საუბრობდა სამხედრო კონტინგენტის შემცირებასა და გამოყვანაზე ავღანეთიდან, გერმანიიდან და დაფინანსებებს უმცირებდა სხვადასხვა ინსტიტუტს. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს როლს განსხვავებულად ხედავდა, სხვა მიდგომები ჰქონდა… დემოკრატები კი პირიქით _ აცხადებენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებენ გლობალურ პოლიტიკას და დაუბრუნდებიან აშშ-ისთვის ჩვეულ გლობალურ როლს. რა თქმა უნდა, აქ მთავარია, ის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ მიდგომები ძირეულად იცვლება; და “თეთრის სახლი” კონცენტრირებული იქნება არა მხოლოდ შტატებში მიმდინარე პროცესებზე, არამედ იმაზე, რა ხდება მსოფლიოში, არის თუ არა დაცული დემოკრატია და ის ღირებულებები, რომლებიც, მათი შეფასებით, უნივერსალური ხასიათისაა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ “უნივერსალურ უფლებებსა” და პრიორიტეტებს, ეს ყველაფერი ამ ახალ კაბინეტშიც კარგადაა ასახული, რომლის წევრებიც არიან აფროამერიკელები, ქალები, ლესბოსელები, ფემინისტები და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველ სტრუქტურებში სხვადასხვა აღმსარებლობის, რასის, სქესის, გენდერისა და ა.შ. ადამიანები არიან და ძირითადი აქცენტი კეთდება უმცირესობების უფლებების პრიორიტეტულობაზე…

_ მსოფლიოში და მათ შორის ამერიკის გეოპოლიტიკურ ორბიტაზეც, არის არაერთი ტრადიციული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც, უბრალოდ, არ იღებს თანამედროვე დასავლური “ნეოლიბერალური” იდეოლოგიის მოთხოვნებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავს სახელმწიფოებზე ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ უფრო გააძლიერებს ზეწოლას?

_ საერთოდ, დღეს უმცირესობების უფლებების დაცვა დასავლური სამყაროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზე სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვის მონაცემებით მსჯელობენ. მათი უფლებების დაცვაზე კონტროლს აწესებენ, აგრეთვე, სხვადასხვა გლობალური და უფლებადამცველი ორგანიზაციები… ეს არახალია. რაც შეეხება კონკრეტულად შეკითხვას, შეიძლება თუ არა, ახალი ადმინისტრაციის პირობებში გაძლიერდეს ლიბერალური იდეოლოგიური ზეწოლა ჩვენზეც, საქართველო დეკლარირებულად ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია. ეს პარტნიორობა აღიარებულია როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მიერ. ჩვენ კი ოფიციალურად გაცხადებული გვაქვს პროდასავლური კურსი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დასავლეთის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კი უმცირესობების უფლებების დაცვაა. რაც შეეხება ზეწოლას, ვფიქრობ, ბევრი რამ ჩვენი გადასაწყვეტი იქნება…

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, დასავლეთიდან წამოსული ლიბერალური დირექტივების რაღაც დონეზე შეუსრულებლობა გარკვეული ბზარების გამჩენი შეიძლება აღმოჩნდეს ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში?

_ სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ეს აღმოჩნდეს ბზარების გამჩენი და რაღაც დამატებითი სირთულეების წარმომქნელი ჩვენთვის, იმიტომ, რომ საქართველოს მიმართ, როგორც გითხარით, ვაშინგტონის მხარდაჭერა, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, ორპარტიულია. ეს მხარდაჭერა არსებობს, როგორც რესპუბლიკელების მხრიდან (ისინი უფრო ტრადიციული, მემარჯვენე ღირებულებებით გამოირჩევიან, მაგალითად, იგივე ტრამპი), ასევე, მხარდაჭერაა დემოკრატების მხრიდანაც, თავიანთი ლიბერალური ღირებულებებით; და, საერთოდ, საქართველო რეგიონში აშშ-ის მნიშვნელოვანი დასაყრდენია, რაზეც მიუთითებს ოფიციალური დოკუმენტებიც, თუნდაც იგივე სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს არაერთი სტრატეგიული პარტნიორი, რომლებიც მაინცდამაინც არ გამოირჩევიან ლიბერალური მიდგომებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობები გრძელდება. მაგალითად, იგივე საუდის არაბეთი, რომელიც არათუ ლიბერალური, არამედ, შეიძლება ითქვას, ღრმად პატრიარქალური ქვეყანაა…

_ საგარეო პოლიტიკის გეგმის წარდგენისას ბაიდენმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აღადგენს კავშირებს, რათა მზად დახვდეს საფრთხეებს, რომლებსაც, ერთი მხრივ, ჩინეთი, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთი ქმნიან. ეს საკმაოდ აგრესიული და კატეგორიული განცხადება იყო. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ამ პოლიტიკის პირობებში საქართველო, როგორც ვაშინგტონის მთავარი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში, კიდევ ერთხელ იქცეს  რუსულ–ამერიკული დაპირისპირების ცხელ წერტილად?

_ ნებისმიერი მსგავსი სცენარი სასურველი არ არის. ეს ეხება მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამაში ჩვენ უკვე დავრწმუნდით. აღსანიშნავია ისიც, რომ, მიუხედავად მძაფრი რიტორიკისა, აშშ-სა და რუსეთს შორის პოზიტიური ძვრებიც არის _ მაგალითად, გაგრძელდა ხელშეკრულება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ, რაც ვერ მოხერხდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას. იმედია, გამოიძებნება გზა კონსტრუქციული დიალოგისთვის სხვა საკითხების განსახილველადაც. რა თქმა უნდა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიალოგში საქართველოს საკითხიც ფიგურირებდეს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის საკითხიც დაისვას.

_ საქართველოს ხელისუფლებამ როგორი პოლიტიკა შეიძლება გაატაროს ამ ვითარებაში?

_ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს და ეს მდებარეობა ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ვცდილობთ, ავაშენოთ “დემოკრატიული” სახელმწიფო მაშინ, როდესაც რთული საერთაშორისო ფონია და ეს დამატებით სირთულეებს ქმნის. მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში ჭკვიანურად მივმართოთ ყველა ის ბერკეტი, რომლებიც ჩვენს ხელშია. მთავარი ორიენტირია, მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები; უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამასთანავე, საქართველოს კავკასიაში ყოველთვის ჰქონდა ლიდერის პოზიციები და ეს პოზიცია უნდა დავიბრუნოთ, ამიტომ საჭიროა, აქცენტი გაკეთდეს რეგიონულ ურთიერთობებზეც, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, სახალხო დიპლომატიასა და დიალოგზე აფხაზებსა და ოსებთან…

_ სახალხო დიპლომატია ახსენეთ და მის მნიშვნელობაზე პოლიტიკურ სპექტრში ხშირად საუბრობენ. როგორ ფიქრობთ, ამ გზით შესაძლებელია, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობების აღდგენის რეალური პროცესის დაწყება?

_ მხოლოდ სახალხო დიპლომატია, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მთელი რიგი თანმდევი პოლიტიკური პროცესებია საჭირო, მაგრამ ის, რომ სახალხო დიპლომატიას ბევრი რამის მოგვარება შეუძლია, ცხადზე ცხადია. ახლა როგორ შეიძლება, ეს პროცესი წარიმართოს, კონკრეტულად საუბარი ნაადრევია, მაგრამ, საზოგადოდ, ვფიქრობ, რომ საქართველომ რაღაც ისეთი მატრიცა უნდა შეიმუშაოს, რომელიც კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს დააინტერესებს. ეს საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც სერიოზულ მუშაობას მოითხოვს, თუმცა პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება. ერთი რამ აშკარაა და ამაში, ალბათ, ყველა ვთანხმდებით _ ეს 30-წლიანი წყვეტა ურთიერთობებისა ჩვენს ხალხებს შორის აღსადგენია. პირველ რიგში კი, უნდა აღდგეს ნდობა, რომელიც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გაწყვეტილი ურთიერთობების გამო დაიკარგა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

“საქართველო და მსოფლიო”