ერთ-ერთი მღვდელმსახური, რომლის საკითხიც გუშინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა განიხილა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახური დეკანოზი ილია ჭიღლაძეც იყო. სინოდის წევრთა განცხადებით, დეკანოზი საქართველოს ეკლესიის იერარქთა მისამართით დიდი ხანია, უკიდურესად შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს.
მამა პეტრე კოლხი მასთან დაკავშირებიტ მიმართვას აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ დეკანოზ ჭიღლაძესთან ნათესაური კავშირი აქვს:
„მთელი ღამე არ მიძინია და საკუთარი სინდისის წინაშე არ ვიქნები მართალი, არ თქვა ჩემი მოსაზრება…ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა… ის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობდა. წარჩინებით დაამთავრა და სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. ყველას ახსოვს მისი სტუდენტობა… აკადემიური მოსწრება. პატიოსნება და ღირსება. ზალიან ბევრ კარგ ისტორიკოსზე უკეთ იცის სამშობლოს ისტორია, წყაროთმცოდნეობა და ხუროთმოძღვრება…მახსოვს მისი ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება ეკლესიაზე, მრევლზე, ქვეყანაზე.
ის არ მოხვედრილა ეკლესიის წიაღში შემთხვევით, იმის გამო, რომ სხვაგან ვერ დაიმკვიდრებდა ადგილს. ის წარმატებით განაგრძობდა გზას, სამეცნიერო სფეროში…ზუსტად მახსოვს, როგორ განიცდიდა, როცა მღვდლად ხელდასმაზე არჩევანი მიდგა. დიახ, ეს იყო მისი არჩევანი… არა ფინანსური დაინტერესების გამო, (როგორც ეს ხშირად ხდება) არამედ მართლაც თავდადებით ჩადგა ადამიანების სამსახურში…
ვიცი მისი ხასიათი, არასდროს შეეგუება უსამართლობას, სუბიექტურობას, არანამდვილობას… არც მე მომწონა მისი ძალიან მწარე გამოსვლები, შეეძლო მეტი კორექტულობა, მაგრამ ეს ხასიათის თვისებაა და ხასიათიც იმდენია, რამდენიც ადამიანი… დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა და არც ერთი მხარე დაზარალდება.
არ მსურს ჩემმა ეკლესიამ დეკანოზ ილია ჭიღლაძისნაირი პროგრესული, ნაკითხი, განათლებული სასულიერო პირი დაკარგოს… ის არ დაიკარგება, გზას ყველგან მონახავს, ადამიანები კი, ეკლესიაში მისი არ ყოფნით ბევრს დაკარგავენ… ისიც ვიცი, მას ვერაფერი შეაჩერებს და მისი გამოსვლების მხოლოდ პროლოგია… არ მინდა შინაარსზე გადავიდეს…
და ბოლოს, დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჩემი დის მეუღლეა… მე საკუთარ თავზე მეტად მიყვარს ჩემი და, მისი ორი ანგელოზი შვილით და არ მსურს, პატარებმა უსამართლობა, ტენდენციურობა ნახონ… ჩვენ ვალდებული ვართ, ყველაზე და ყველაფერზე დავფიქრდეთ!.. დავსვათ ობიექტური კითხვა, რა აწუხებს უცხოეთში გადახვეწილ სასულიერო პირს?! პასუხს ძალიან მარტივად მივიღებთ… მთავარია კითხვის დასმის სურვილი გაგვიჩნდეს!“ – წერს პეტრე კოლხი.
“რეზონანსი”