სურათზე ჩემი ხელფასია – 249 ლარი! – არ გავჩუმდებით! – ექთნის წერილი

სოციალურ გვერდზე “ყველაფერი მედიცინაზე, ქვეყნდება, კლინიკა „გერმანული ჰოსპიტალის“ ექთნის, ი გოგოლაძის წერილი და ფოტო:

„ძალიან არ მინდოდა, ამ თემაზე ასე საჯაროდ საუბარი, თუმცა ვფიქრობ, საჭიროა, აუცილებელიც კია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, სხვებმა გაითვალისწინონ მომავალში რასთან ექნებათ საქმე.

როგორც ხედავთ, სურათზე ჩემი ხელფასია – 249 ლარი.

2020 წლის 11 ნოემბერს, ზუსტად 3 თვის წინ, დავიწყე მუშაობა გერმანულ ჰოსპიტალში, Emergency-ში, ექთნის პოზიციაზე. ეს არის ის პერიოდი, როცა საქართველოში კოვიდ ინფექციამ პიკს მიაღწია.
მინდა, რომ თემა ბოლომდე გავშალო, დეტალებში.

სხვადასხვა განყოფილებაში ხელფასი განსხვავებულია, კოვიდ მიმღებში 24 საათში უნდა ყოფილიყო 108 ლარი, ყოველშემთხვევაში, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვქონდა.

აქვე ერთსაც დავამატებ, 108 ლარი იქიდან გამომდინარეა რომ სახელმწიფო 50% ით მეტს უხდის იმ მედ პერსონალს, რომელიც კოვიდ პაციენტებთან მუშაობს, თორემ უფრო სასაცილო ანაზღაურება გვაქ და ეგ ცალკე თემაა.

მე ნოემბრის თვეში, 11 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე მომიწია 3 მორიგეობა კოვიდ რეანიმაციაში და 2 მორიგეობა კოვიდ მიმღებში ანუ ამ ყველაფერს ლარებში თუ გადავიყვან არის 606 ლარი. როგორც ხედავთ, კლინიკამ 249 ლარით დამასაჩუქრა.

იგივე სიტუაციაა მედ პერსონალის აბსოლიტურ უმრავლესობასთან. უღრმესი მადლობა ძალიან ბევრი ვილაპარაკე ფინანსურ საკითხებზე და არავის ეგონოს, რომ ფულის გამო ვაკეთებ ამ საქმეს. არაერთი თვე მიმუშავია ისე რომ თეთრიც არ ამიღია, ასევე, ჩემს თანამშრომლებს, ოღონდ განსხვავება ისაა რომ მაშინ ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდით და არავის მოვუტყუვებივართ.

ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და თუ საჭირო იქნება კიდევ დიდხანს ვიმუშავებ ანაზღაურების გარეშე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგაც ასევე.

პრობლემა იცით რაშია? შენი გამოუცდელობით, ასაკით, დაბალი პოზიციით რომ სარგებლობენ, გატყუებენ თან უტიფრად გიყურებენ თვალებში ვითომც არაფერი და აქეთ გთხოვენ უფრო მეტს. არაერთხელ ვიყავით შესაბამის პირებთან კლინიკაში, ამ თემაზე სასაუბროდ, დღესაც, მაგრამ ხან რას იმიზეზებენ, ხან რას, ბოლოს კი ისე გამოდის თითქოს და აქეთ არიან მართლები.

არავის არაფერს ვამადლით, ყველამ ჩვენი სურვილით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, არც არავის დაუძალებია, მაგრამ, როცა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმთელობით რისკავ იმისთვის რომ სხვებს დაეხმარო და ამ ყველაფერს ასე გიფასებენ ძალიან დამამცირებელიია. ალბათ, ბევრჯერ გაგივიდათ მსგავსი საქციელი, მაგრამ მე და ჩემი კოლეგები არ გავჩუმდებით და ასე საჯაროდ ვიტყვით სათქმელს და საჯაროდ გესვრით ტალახს, ისე როგორც, თქვენ ჩვენ.

და შემდეგ, როცა ჩემი მშობლების და ბებია ბაბუების თაობებს კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ გარბიხართ საზღვარგარეთო მე გეტყვით რომ არ გვაქვს სურვილი ასეთ უსამართლო, უპერსპექტივო, ქვეყანაში მოღვაწეობის. და დიახ ხდებოდა, ხდება და კიდევ დიდხანს მოხდება ტვინების გადინება ამ ლამაზი ქვეყნიდან.

ვერავინ დაადანაშაულებთ. ამ ხალხს საკუთარი თავის გადარჩენისთვის.

პატივისცემით, თსსუ-ს, მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის, გულნატკენი და გადაგდებული სტუდენტი
ი.გოგოლაძე“