აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო.
იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა – 100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა. შესაბამისად, იმპიჩმენტის გამოცხადებას 10 ხმა დააკლდა.
11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპს ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედებოდა. 14 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად გამოუცხადა, ხოლო შემდეგ აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. 2019 წელს კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლაში დასდეს.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
წყარო: ptn.ge