ჩემი ცოლის გარეშე შვილის დაკარგვას ვერ გადავიტანდი, ლილიმ ოჯახიც გადაარჩინა და მეც გადამარჩინა

თემურ წიკლაური – “ჩემი ცოლის გარეშე შვილის დაკარგვას ვერ გადავიტანდი, ლილიმ ოჯახიც გადაარჩინა და მეც გადამარჩინა”.

თემურ წიკლაური მეულღეზე, ლილი ზღვაურზე:

– ჩემი და ლილის ურთიერთობა დაიწყო ნაცნობობით, მერე კი სხვა ფაზაში გადავიდა, სულიერ და ფიზიკურ მხარეს შეეხო, შემდეგ კიდევ სხვა ხარისხში. ჩვენ ეს წლები გავატარეთ როგორც ლხინში, ასევე ჭირში. ჩვენი შვილის დაკარგვამ უზარმაზარი დაღი დაასვა ჩვენს ცხოვრებას, უფრო შეადუღაბა და უფრო საჭირო გახადა ჩვენი ერთად ყოფნა. ჩვენი ყოფა არ არის განსაზღვრული მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულით, ჩვენ წინ დგას სამშობლო, ხალხი, ის ადამიანები, ვისაც ვემსახურებით. ჩვენი შვილის გარდაცვალებიდან ამდენი ხანია გასული და ხალხი მაინც დიდი პატივით გვახსენებს მას, ისევ გვამაგრებს, ისევ ჩვენთან არის.

ლილი ყოველთვის ძლიერი ფსიქიკის, ხასიათის ქალი იყო და არის. ფილოსოფიურად მოაზროვნე ქალია, ხატავს ძალიან კარგად, ქსოვს უჩვეულოდ კარგ რაღაცებს. მეც ამ შინაგანი ძალით მავსებს, რომელიც მეტწილად ხელოვნებაში უფრო გამოიხატება, ვინაიდან გიორგის წასვლის შემდეგ, დამიჯერეთ, ძნელია სხვა რამეზე საუბარი. ეს არ არის შემთხვევა მეორე დღეს გაიღვიძო და თავს შთააგონო – “აბა, ახლა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი”. ეს ღრმა და რთული პროცესია, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება და ალბათ არასოდეს დამთავრდება.

კიდევ ყოჩაღ ქალს, ასე რომ უკავია თავი! მისმა უტეხობამ და სულის სიმძლავრემ ოჯახიც გადაარჩინა და მეც გადამარჩინა. თუ არა მისი შინაგანი სიმშვიდე და სიძლიერე, ალბათ ვერ გადავიტანდი … ეს ჭრილობაა, რომლიდანაც მუდმივად გდის სისხლი ამირანივით, რომელიც არასდროს შუშდება. შეიძლება დაბლაგვდეს მხოლოდ გონი ბლაგვდება იმიტომ, რომ თავი უნდა გადაირჩინოს. ამისათვის ორგანიზმი დაცვით მექანიზმს ქმნის. ასე რომ არა, დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდით ერთიც, მეორეც …

წყარო: bm.ge