რაც უფრო უყვართ ამ პატრიოტებს საქართველო, მით მეტად ეზიზღებათ ,,არასწორი“ ქართველები!- ზურა ოდილავაძე

უცნაური პატრიოტიზმი
პატრიოტები დღეს: სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი (,,ნაცი“-,,ქოცი”) წლებია სძულთ, გულში კი თანამემამულეთა ნახევრის (ისევ ,,ნაცი“-,,ქოცი”) გადაშენებაზე ოცნებობენ – ასეთია ამ ვნებიანი და, ამავე დროს, პარადოქსებით აღსავსე სიყვარულის ანატომია.

რაც უფრო უყვართ ამ პატრიოტებს საქართველო, მით მეტად ეზიზღებათ ,,არასწორი“ ქართველები! ცხოვრობენ და არიან ასე – სიძულვილის პატრიოტიზმში…
პატრიოტიზმზე საუბარი და მტკიცება, რომ სამშობლო გიყვარს და მისთვის თავს დადებ, მით უმეტეს, თუ ეს არ კეთდება მხატვრული ფორმით, ისეთივე რამაა, როგორც ხმამაღლა იყვირო, თითქოს დედა ან შვილი თავდავიწყებით გიყვარს…
მშობლის სიყვარულზე საუბარი, ალბათ, მხოლოდ მაშინ არის მართებული, როდესაც ის აღარ გყავს – გარდაიცვალა და ძალიან გენატრება. ასეა სამშობლოც.
მაშ, როდის არის შენთვის სამშობლო გარდაცვლილი? პასუხი ცხადია – როდესაც მასში უუფლებო ხარ!
წარსულში ეს თემა მეტად მაღონებდა… ამჟამინდელ ხელისუფლებას და მასთან ჩახუტებულ ,,ძველ“ ელიტას, თამამად შეიძლება ითქვას, მაგრად ვკიდივარ… ხოლო ოპოზიციაში ჩასაფრებული ,,ახალი“ ლიბერალების მიერ ,,კუტოკური“ ცენზურისა და… ვიცი, სიყვარულით, მაგრამ მაინც იგნორირების ალყით ჩემი ,,სოციალური მკვლელობის“, ისეთი მდიდარი გამოცდილება მაქვს, რომ შემიძლია, მრავალტომიანი ტრაქტატი დავწერო – გახსენებაც კი არ მინდა!
ეს, რაც შეეხება ორივე ბანაკის პატრიოტებს – ძალიან საყვარლებსა და კიდევ უფრო პროგრესულებს…
მოკლედ, მადლობა ბელადსა და მის ,,სუსს“, კიდევ უფრო დიდი მადლობა ,,მტაცებელ-ლიბერალთა“ სექტასა და მის ცენზორებს, რომ ღმერთის პარტიაში შემიყვანეს!..
მას ვუყვარვარ… თან მაგრად, ამიტომ მივენდობი და ის მატარებს… დიდება მას!.. ის არა როგორც მწყემსი ცხვარს, უკან მიდგას, ბრძოლაში კი მე მიმერეკება, არამედ წინ მიმიძღვება და მარიგებს: ,,თავი დახარე და წამომყევი… რადგან სიყვარული არ შეგიძლია, ადამიანებთან ბოლომდე გულწრფელი მაინც იყავი და კეთილგანწყობით იარე… როგორიც იქნები ბოლო წამს – აქ, ისეთი გადახვალ – იქ… ამიტომ ერთი ადამიანიც თუ გძულს, ვერ გადახვალ – იქ და სამუდამო მარტოობასა და მოწყენილობაში დარჩები… ,,ზეციური საქართველოს“ პატრიოტი გახდი და წამომყევი…“
ზ.ო. – 2021, თებერვალი

ზურა ოდილავაძე