ხშირად მითქვამს, რომ ქართულ ტელემედიასთან, პრაქტიკულად, ბოიკოტის რეჟიმში ვარ.
ინფორმაციის მისაღებად, ძირითადად, რუსული ტელეარხებით ვსარგებლობ, ხოლო ქართულებს ხანდახან, ისიც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საჭიროების გამო თუ შევავლებ ხოლმე თვალს, რათა ერთმანეთთან შეჯერებით “საერთო არითმეტიკულის” მსგავსი რამ გამოვიყვანო და, ასე თუ ისე, საქმის კურსში ვიყო, როგორი “ობიექტურობით” აშუქებენ შინ თუ გარეთ მიმდინარე მოვლენებს რუსოფობიით მოწამლული ქართული ტელევიზიები. თუ არ ჩავთვლით “ტელეობიექტივში” ვალერი კვარაცხელიას საავტორო გადაცემას, რომელსაც “ოქროს კვეთა” ჰქვია, და რომელიც, მიუხედავად მაღალი რეიტინგისა, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ გადის ეთერში. რა გაეწყობა, ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, “სულ არაფერს ცალუღელა ხარი სჯობიაო”. ასეა ვალერი კვარაცხელიას გადაცემის შემთხვევაშიც _ სულ ტყუილებს ორ კვირაში ერთხელ ნათქვამი სიმართლე სჯობია; სიმართლე, რომელიც დიდმა ილიამ 100 წლის წინათ თქვა და შინაარსობრივად ასეთია _ ერთმორწმუნე რუსეთის გარეშე ცხოვრება კი არა, ქართველ ერს ფიზიკურად არსებობაც აღარ შეუძლია, რადგან საქართველოს “სტრატეგიული მოკავშირე” კი არა, ძლიერი მფარველი სჭირდება.
“რუს და ქართველ ხალხთა ტრადიციული ურთიერთსიყვარული, _ წერდა ილია ჭავჭავაძე თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმეს 1898 წელს, _ ჩვენთვის უფროა საჭირო, ვიდრე რუსთათვის, ვინაიდან ამაშია ჩვენი კეთილდღეობის, ჩვენი ხსნის ერთადერთი საწინდარი. დიდ, თვალუწვდენელ რუსეთისათვის კი ქართველის მისდამი სიყვარულის საკითხი შეიძლება იყვეს მხოლოდ ზნეობრივი ხასიათის კეთილშობილური მზრუნველობის საგანი და მოკლებულია ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას; ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნა-არ ყოფნის საკითხთან .” ეს მცირე ამონარიდი ილიას ცნობილი წერილიდან პასუხიცაა ამ რიტორიკული კითხვისა _ ვის უფრო სჭირდება ერთმანეთი?
ამ თვალსაზრისზე იყვნენ ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი და სხვა ჭეშმარიტი მამულიშვილნი იმჟამინდელი საქართველოსი. აქვე მინდა გრიგოლ ორბელიანის ციტატაც მოვიყვანო, რადგან მისი ნათქვამი საოცარი სიზუსტით ეხმაურება ჩვენს დღევანდელ სავალალო ყოფას.
“ღმერთო, ნუ მიიყვან რუსებს ისეთ სასოწარკვეთილებამდე, რომ იძულებულნი შეიქნენ, საქართველო დატოვონ, რომელიც უმალ არეულობის, ურთიერთშუღლისა და დაუძინებელი მტრების თავდასხმის მსხვერპლი გახდება”. თითქოს მომავლის განჭვრეტის სარკეში იყურებოდა მეფე ერეკლეს შვილიშვილი, დიდი ქართველი პოეტი _ ჩვენი უმადურობის გამო რუსები გავიდნენ საქართველოდან და სოხუმ–ცხინვალიც, რომ იტყვიან, “ხელს გააყოლეს”. იქით ჩვენი “დაუძინებელი მეგობარი” დავითგარეჯის წმინდა ლავრას გვედავება; აჭარას ჩვენმა კიდევ ერთმა “ისტორიულ–სტრატეგილმა მეგობარმა”, პრაქტიკულად, უკვე აღუდგინა გურჯისტანის ვილაიეთის სტატუსი და ახლა თვალი გურია–სამეგრელოზე უჭირავს. თავიანთ რიგს ელოდებიან მარნეული, ჯავახეთი და ჩვენი აშშ–ის მარიონეტი ლიბერასტი ხელისუფლების ხელში დიდხანს ლოდინი შეიძლება არც დასჭირდეთ.
აი, შედეგი იმ, რბილად რომ ვთქვათ, ბეცი… არა, პირდაპირ ვიტყვი, მოღალატეობრივი საგარეო პოლიტიკისა, როდესაც ერთმორწმუნე ისტორიულ მეგობარს, რომელმაც ქართველი ერი ფიზიკური განადგურებისგან იხსნა (აღარაფერს ვიტყვი ეროვნულ–კულტურულ თვითმყოფადობაზე), მტრად გაიხდი, ხოლო მართლა ისტორიულ მტრებს, რომლებსაც დღესაც წაგლეჯაზე უჭირავთ თვალი, მეგობარს უწოდებ. მიუხედავად ზემოთქმულისა, რასაც ისტორიულ უმადურობას ვუწოდებდი, დღევანდელ რუსეთს, მის პრეზიდენტს ქართველი ერი და საქართველო მტრად არ მიაჩნია. ამის დასტური რუსეთში ლეგალურად თუ არალეგალურად მცხოვრები მილიონზე მეტი ქართველია, რომლებიც “ოკუპანტ” რუსეთში ნაშოვნი ფულით ინახავენ საქართველოში მცხოვრებ ოჯახის წევრებს, ნათესავ-მეგობრებს. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ქართველ მილიონერთა უმრავლესობას რუსეთში აქვთ წარმატებული ბიზნესი, და არც იმაზე, რომ ქართველები ხელოვნებაში, შოუბიზნესსა თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგში ოკუპანტი რუსეთის ელიტაში ბრწყინავენ.
ადრინდელ წერილებში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 2007 წლის მიუნხენის სამიტზე ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს აცნობა, რომ რუსეთი გეოპოლიტიკაში დაბრუნდა, დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით აიფოფრა. ხოლო როდესაც 2014 წელს ფილიგრანული სამხედრო ოპერაციით ტყვიის გასროლის გარეშე კიევს, _ სინამდვილეში კი აშშ-ს, _ ყირიმი “ააწაპნა” და დედა-რუსეთს შეუერთა, შტატები, რომ იტყვიან, “ნიფხვიდან ამოხტა” და უილაჯობით გაცოფებულმა რუსეთის ამ ქმედებას მხოლოდ არაფრისმაქნისი სანქციებით უპასუხა. შემდეგ პუტინმა 2015 წლის გაეროს საიუბილეო, 50-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლით “კარი გაიჯახუნა” და მეორე დღესვე, 30 სექტემბერს, სირიის არაბთა რესპუბლიკაში ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბომბვა დაიწყო. რუსეთის ამ “თავხედობამ”, მთლად გააგიჟა ანგლოსაქსები, რომლებსაც მსგავსად ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუეინისა, მისი სირიელი კოლეგის, ბაშარ ასადის, ჩამოსახრჩობი თოკი უკვე გამზადებული ჰქონდათ. მას შემდეგ ავღანეთი იქნება, სირია, ერაყი, უკრაინა თუ მომავალში სავარაუდო ცხელი წერტილები, პრაქტიკულად, დასავლეთის გამოუცხადებელი ომია რუსეთის წინააღმდეგ. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ანგლოსაქსებმა ის ნიღაბიც ჩამოიხსნეს, რომელიც მოჩვენებითად ეკეთათ და, როგორც წინა წერილში აღვნიშნე, დღეს მეტ-ნაკლები სიმხურვალის გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს _ ყველა (ლიბერასტი ანგლოსაქსები) ერთის (მართლმადიდებელი რუსეთი) წინააღმდეგ. თუმცა რატომ გამოუცხადებელი? მარაზმატიკმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც, როგორც ავი ენები ამბობენ, გიდის გარეშე თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის მიგნება უჭირს, განაცხადა, რომ რუსეთი არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ცივილიზებული (წაიკითხე, ლგბტ თემის) მსოფლიოს მტერია და რომ ის დრო (ტრამპის) წავიდა, როდესაც ვლადიმერ პუტინი დაუსჯელად პარპაშობდა. ჯო ბაიდენმა პრეზიდენტებისთვის აშკარად მიუღებელი ლექსიკით, პრაქტიკულად, გალანძღა ვლადიმერ პუტინი და მეტიც, საჯაროდ დაემუქრა, რომ ამიერიდან რუსეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს ყველაფრისთვის, რაც არ ჯდება ანგლოსაქსების ნეოლიბერასტულ იდეოლოგიაში და კატეგორიული ტონით მოითხოვა ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო განთავისუფლება.
როგორც ჩანს, ჯო ბაიდენის ეს ავყია განცხადება ერთგვარი საარტილერიო მომზადება იყო ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესის წინ _ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პირველი პირებიც ჯო ბაიდენის “ნოტებზე ამღერდნენ”, _ არიქა, გვეღუპება რუსული დემოკრატიის მამაო. არადა, ვინ არის სინამდვილეში ალექსეი ნავალნი? ის ძალიან ჰგავს გენიალური რუსი მწერლების _ ილია ილფისა და ევგენი პეტროვის “12 სკამის” გმირს, კისა ვორობიანინოვს, “რუსული დემოკრატიის მამასა” და “იმპერატორთან განსაკუთრებით დაახლოებულ” ტრაგიკომიკურ პერსონაჟს.
ალექსეი ნავალნი ყოფილი ბლოგერი და ამჟამად სამშობლოს მტრებთან განსაკუთრებით დაახლოებული პირი და პუტინის ოპოზიციის ლიდერია, რომლის დაძახილზე სულ რამდენიმე ათასი კაცი თუ გამოდის, რაც, დამეთანხმებით, 13-მილიონიანი მოსკოვისთვის ზღვაში წვეთიც არ არის. სამაგიეროდ ქვეყნის გარეთ ჰყავს უფრო მეტი ლიბერასტი მომხრე და, შესაბამისად, დამფინანსებელიც (ქართული ოპოზიცისა არ იყოს). ნავალნის სასამართლო პროცესზე მოხდა უპრეცედენტო რამ: იმ კაცის სასამართლო პროცესს, რომელსაც ორჯერ ჰქონდა პირობითი სასჯელი, რაც ასევე უპრეცედენტო რამ არის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს იურისპრუდენციაში, 20 ქვეყნის 24 მაღალი რანგის დიპლომატი დაესწრო. მაგრამ ამ დიპლომატებმა, როგორც უკომენტაროდ ჩავიდნენ, ასევე უკომენტაროდ დატოვეს რუსეთი. მათი ვიზიტი კი მოსკოვმა სამართლიანად ჩათვალა ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად. სასამართლოს განაჩენს მოუთმენლად ველოდი, რადგან ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ეს პროცესი ერთგვარი ტესტი იყო რუსეთის მართლმსაჯულებისა და პირადად პუტინისთვის _ ისევ სიმბოლურად დასჯიდნენ ნავალნის? _ ე.ი., პუტინმა დასავლეთის ზეწოლას ვერ გაუძლო; რეალურ “სროკს” მისცემდნენ “რუსული დემოკრატიის მამას”? _ ე.ი., პუტინმა, უკაცრავად პასუხია და, ფეხებზე დაიკიდა სრულიად ლიბერასტული დასავლეთი აშშ-ის მეთაურობით და თავის ქვეყანას ისე მართავს, როგორც დიდი კულტურის მქონე ტრადიციულ სახელმწიფოს. ასეც მოხდა _ ნავალნი, ჟარგონით თუ ვიტყვით, სათანადოდ “გასროკეს”, ე.ი., პუტინმა ტესტი ხუთიანზე ჩააბარა.
უკვალოდ გაქრა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის ჰონორიც, რომლითაც იგი მოსკოვს ეწვია, რადგან რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნავალნის ნახვის მოთხოვნაზე მას ისეთი მასტერკლასი ჩაუტარა, რომ ევროპაში ქოქოლა დააყარეს, _ სჯობდა, მოსკოვში, საერთოდ, არ ჩასულიყოო. “რუსული დემოკრატიის მამას” სასამართლო პროცესზე ისტერიკა დაემართა და 94 წლის პიროვნებას, დიდი სამამულო ომის ვეტერანს, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებაზე ვიდეოკლიპში აგიტაციას უწევდა, “ორდენებიანი თოჯინა” და “ხალხის სირცხვილი” უწოდა. ამ უგვანო საქციელით მან არა მხოლოდ მოხუცი ვეტერანი შეურაცხყო, არამედ დიდ სამამულო ომში ყველა დაღუპულთა ხსოვნა. ასეთ მკრეხელობას არავის აპატიებს რუსეთი, რომლისთვისაც 9 მაისი რელიგიის რანგში აყვანილი დღესასწაულია.
დავით მხეიძე
P.S. _ ამერიკა დაბრუნდაო, _ განაცხადა ჯო ბაიდენმა… მსგავსი განცხადება კრემლის რუპორმა მარია ზახაროვამაც გააკეთა, _ ის დრო წავიდა, როდესაც რუსეთი მუდმივად თავის მართლების რეჟიმში იყო, ამიერიდან შინ თუ გარეთ შეტევა, შეტევა და მხოლოდ შეტევაო! ვნახოთ, ვისი აჯობებს. ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს… ასე იქნება თუ ისე, ერთი რამ დღესვე უეჭველია _ რუსეთი უკან არ დაიხევს. იქნებ ამაზე მაინც დაფიქრდეს ჩვენი ფარჩაკი ხელისუფლება.