შაბათს, „ტვ პირველზე“ გავიდა ჟურნალისტ ნოდარ მელაძის ინტერვიუ სუსი-ს უფროსის ყოფილ პირველ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთან. ინტერვიუში სოსო გოგაშვილმა ვრცლად ისაუბრა ციანიდის საქმეზე, მისი ვარაუდით, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი მიჰქონდა გერმანიაში, რათა გაერია იმ საკვებში, რომელსაც შორენა თეთრაშვილი პატრიარქთან შესატანად გაამზადებდა.
ამ მოწამლული საკვებით ხელში, შორენას დააკავებდნენ, დაიჭერდნენ როგორც „პატრიარქის მკვლელს“ და სოსო ოხანაშვილი, მამა გიორგი მამალაძე და მათი ჯგუფი, გამოჩნდებოდნენ გმირები. გოგაშვილი საუბრობს კორუფციულ სქემებზეც და ამბობს, რომ სოსო ოხანაშვილმა, გიორგი მამალაძემ და სხვებმა გაზრდილი ხარჯთაღრიცხვა წარუდგინეს ბიუჯეტს – საუბარია, ჯიბეში ჩასადებად გამზადებულ მილიონებზე. ლაპარაკობს იმაზეც, რომ სამებაში ხანძარი, დიდი ალბათობით, ხელოვნურად გააჩინეს, რათა მისი გარემონტებისას ფული „მოეტეხათ“. საზოგადოებაში გოგაშვილის ინტერვიუმ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, განსაკუთრებით აქტიურობენ „ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც, ცალკე ის ეწყინათ, გოგაშვილი თავისი ორგანიზაციის გახნას რომ აანონსებს, ცალკე ის ვერ მოინელეს, ციანიდის საქმის გამოძიებაში დასმულ შეცდომებზე რომ არ ისაუბრა და რა თქმა უნდა, არ აპატიეს ფრაზა – „ივანიშვილის წასვლის შემდეგ, მე პარტიაში არაფერი მესაქმებოდა. გავიარე ივანიშვილთან კონსულტაცია, ვიცოდი, რასაც აპირებდა და წავედი… ვითანამშრომლებ ყველა ძალასთან, რომელიც არ იქნება ტერორიზმთან კავშირში“! რა თქმა უნდა, მელაძესთან ორი ინტერვიუ, გოგაშვილის რეაბილიტირებას ვერ მოახდენს ვერც ოპოზიციის რიგებში და ოპოზიური ფლანგი, მას უწონებს საუბრის დაწყებას, მაგრამ ეუბნება, რომ ეს არ არის საკმარისი და მეტი უნდა ილაპარაკოს. ადამიანთა მესამე ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ გოგაშვილმა ამით გაახსენა კონკრეტულ ადამიანებს ხელისუფლებიდან, რომ მან რაღაცები იცის! თუმცა, „ოცნების“ და „ოპოზიციის“ შემთხვევაშიც, ვსაუბრობ, პარტიულ აქტივზე და არა ლიდერებზე, ლიდერები ჯერ სიჩუმეს ინარჩუნებენ! რაც შეეხება, ჩემი, როგორც მოქალაქის და ჟურნალისტის პირად აზრს, სოსო გოგაშვილის გამოჩენა, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, ვერ იქნება შემთხვევითი და მას გახარიასა და გომელაურს შორის არაღიარებულ დაპირისპირებაშიც აუცილებლად ექნება თავისი როლი! ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს, მანამდე კი, გიამბობთ, დაურეკა, თუ არა, მას ვინმემ ინტერვიუს შემდეგ და რა დეტალები ამოიჭრა სატელევიზიო ინტერვიუდან? –
„ალიას“ კითხვებს პასუხობს სოსო გოგაშვილი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ე.წ. კასრების საქმის ყველა ფირი აქვს ნანახი.
– ინტერვიუს შემდეგ დაგიკავშირდნენ ყოფილი გუნდის ლიდერები, ან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები?
– არა, ამ წუთამდე არავინ შემომხმიანებია, არც ძალოვანი უწყებებიდან, არც ყოფილი გუნდიდან.
– თქვენი აზრით, ვის უნდა დაერეკა? თუ გიფიქრიათ, ინტერვიუმდე, ან მის შემდეგ, აი, ეს ადამიანი უეჭველად დამირეკავს…
– არა, მაგაზე არ მიფიქრია, იმიტომ არ მისაუბრია, რომ ვინმე დამკავშირებოდა. თუ ჩემი საუბარი კითხვებს გააჩენს და ჩემგან რამე ტიპის დამატებითი ინფორმაცია დასჭირდებათ, მე არ მაქვს კომუნიკაციის პრობლემა.
– არც ღია განცხადებები და შეფასება გვინახავს…
– არ ვიცი, ვერ გეტყვით. შეიძლება იყოს რამე ტიპის კომენტარი, ან შეიძლება საერთოდაც არ იყოს. არ მაქვს პასუხი, ალბათ, არ ჩათვალეს საჭიროდ, ან არ არის მათთვის საინტერესო, ვერ გეტყვით…
– ინტერვიუში რამდენიმე ადგილას აშკარად ჩანს ამოჭრის კვალი – რა ვერ მოხვდა ეთერში?
– არ იყო წინასწარ შეთანხმებული კითხვები, ბუნებრივია, შეთანხმებულ იყო თემა – ციანიდის საქმე. ინტერვიუ 3 საათამდე გაგრძელდა და ეთერში გავიდა 1 საათიანი ინტერვიუ. აქედან გამომდინარე, რაც ვთქვი, იმის მესამედი ვერ ჩაეტია ამ დროში. რა თქმა უნდა, იყო საკითხები, რაზეც ვისაუბრეთ და მოჭრილი იყო. მაგალითად, ვისაუბრე ცნობილი კასრების საქმეზე და კომისიაზე, რომლის წევრიც მე ვიყავი და ურთიერთობის ფორმაზე ჩემ წინამორბედებსა და საზოგადოებას შორის, ჩემ წინამორბედებსა და საეკლესიო პირებს შორის – ზოგადად როგორი იყო წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება საეკლესიო, თუ საერო პირების მიმართ. კასრების კომისია ახდენდა ფაილების დახარისხებას და საგამოძიებო ჯგუფისთვის მიწოდებას. ეს საიდუმლო ბრძანებით შექმნილი, საიდუმლო კომისია იყო, დავახარისხეთ ფაილები და გადავეცით შესაბამის ორგანოს. ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლების დროს, ამ ფაილებით ახორციელებდა შანტაჟს და ძალმომრეობით პოლიტიკას, ისევ სისტემაში არიან, ოღონდ, გაგიკვირდებათ და, უფრო მაღალ პოსტებზე! მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევამ წინა ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი შეიწირა და მე ძალიან არ მინდა, რომ „ქართული ოცნებაც“ შეეწიროს ამ ჩინოვნიკების პოლიტიკას – აი, ეს ვთქვი.
– ბოლოს და ბოლოს, განადგურდა „კასრების“ კადრები, თუ მხოლოდ ნაწილი განადგურდა და ნაწილი სხვა „კასრებში“ გადაინახეს?
– კომისიის წევრებმა ფაილები დავლუქეთ და გადავეცით შესაბამის უწყებას, იმის იქეთ ჩვენ უკვე მასზე წვდომა აღარ გვქონდა. ჩვენი ფუნქცია იყო, გაგვეხსნა, დაგვეხარისხებინა და მიგვეწოდებინა გამომძიებლებისთვის. შემდეგ გაანადგურეს ნამდვილად, მაგრამ, არც ერთ ვარიანტში არ იქნებოდა იმ მასალების მხოლოდ ერთი ასლი! ამის თქმა დარწმუნებით შემიძლია.
– რამდენიმე ფაილი „კასრებიდან“ სააშკარაოზე გამოვიდა, იმის თქმა გინდათ, რომ ასლებს იყენებდნენ?
– დიახ, ის არ იყო ერთადერთი ასლი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებმა, ვინც ეს გააკეთეს, მისი დუბლირებაც მოახდინეს და ჩემი მუშაობის პერიოდში, ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანი – ოღონდ, საშუალო რგოლის წარმომადგენლები, პასუხისგებაში მივეცით! ისინი იმ ფირების საშუალებით ახდენდნენ შანტაჟს ბიზნესმენების და სხვა სფეროს ადამიანების.
– ის ადამიანები, ვინც წლების მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ თქვენი მეგობრები არიან, დღეს, თქვენი ინტერვიუს შემდეგ, ღირსებაზე და ეთიკაზე ალაპარაკდნენ, ზოგი ღიად დაგიპირისპირდათ, ზოგი ამბობს, რომ რადგან თქვენ ოჯახში მწვადი და ხაშლამა აჭამეთ, ამიტომ ვერ გაგლანძღავთ, მაგრამ… რას ფიქრობთ, რატომ გამოიწვიეთ თქვენ უკვე ყოფილ მეგობრებში ასეთი აგრესია?
– მე ვისთანაც ვმეგობრობდი, ვისთანაც ვმეგობრობ, მათგან არც ერთს ნეგატიური არაფერი დაუწერია. თუ იმ აქტივს გულისხმობთ, რომელიც მესიჯობს და რაღაც ხელფასებზე სხედან – მაგათზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ეგენი ჩემი მეგობრები არ არიან, ეგენი არიან რაღაც დროის მომენტში, რაღაც სიტუაციაში, დღეს რომ ჩემთან არიან, ხვალ სხვასთან და ზეგ კიდევ სხვასთან – ისეთი ადამიანები. დავწერე და აქაც გავიმეორებ – ნაწილი ამას ფულის გამო აკეთებს და ეს რომ მე ზუსტად ვიცი, ისიც უნდა იცოდნენ, ნაწილი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ფულს ელოდება დღემდე, ხოლო ყველაზე მძიმე შემთხვევაა ის ნაწილი, ვინც ამას ყოველგვარი ფულის და საჩუქრის მოლოდინის გარეშე აკეთებს. აი ეს უკვე მართლა ფსკერის ფსკერია. მეტ კომენტარს კონფორმისტი მედროვეების ნათქვამზე ვერ და არ გავაკეთებ. ამაში არც თქვენ დროს დავხარჯავ და არც ჩემ დროს.
– სუსი-ს ყოფილ მაღალჩინოსანს რა ტიპის დოკუმენტების გათქმის უფლება გაქვთ და რა ტიპის – არა?
– ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დონის კლასიფიცირებული დოკუმენტაცია. არსებობს დოკუმენტაცია, კონკრეტული საიდუმლო საქმეებიდან, ოპერატიული მონაცემებიდან, რომელზე დაშვება შეიძლება გაქვს, მაგრამ მისი გათქმა არ შეიძლება 25 წელი – 25 წელი თუ არ გავიდა, მასზე საუბრის უფლება არა გაქვს. არც უნდა მოგინდეს, პრინციპში, ისაუბრო ოპერატიულ მასალაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების კონკრეტული საქმეებიდან.
– თქვენ დაანონსეთ ორგანიზაცია, რომელიც განიხილავს ძალოვანი სისტემის შეცდომებს და დადებს გეგმას, როგორ აღიკვეთოს ეს შეცდომები – მოხვდება „ციანიდის საქმეში“ ძალოვანი სტრუქტურის მიერ დაშვებული შეცდომები, თქვენ მომავალ მასალებში?
– არა, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ხარვეზებზე არ ვისაუბრებთ, სისტემურ ხარვეზებზე, სისტემურ ნაკლოვანებებზე ვილაპარაკებთ და მათი გამოსწორების გზებზე – უფლებების დელეგირებაზე სხვადასხვა უწყებებს შორის, მაგალითად, უფრო მოქნილი რომ გახდეს სისტემა. როგორი დახვეწილიც უნდა იყოს სისტემა, ხარვეზი ყველა სისტემაშია და ყველაზე ძლიერი სისტემაც კი საჭიროებს რეფორმებს. მსოფლიო ახალი და ახალი გამოწვევების წინაშე დგება, ძველი, თუნდაც მუშაობის ყველაზე კარგი სტილი, აღარ პასუხობს ახალ გამოწვევებს. ამიტომაა საჭირო უწყებების რეფორმირება, კიბერდანაშაულის, კიბერტერორიზმის კუთხით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს, სისტემურიც და სტრუქტურულიც, მათ შორის, მართვის და კოორდინირების მექანიზმები, ანტიტერორისტული ბაზა და ა.შ.
თამო კეშელავა, ალია