ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ, – ასე ეხმაურება რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.
„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან.
ის სიცრუე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, – განაცხადა გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა პანდემიის დაძლევის შემდეგ, პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტთან და არა მხოლოდ ამერიკასთან.
„ამ შემთხვევაში იქნება ნორმალური მრავალვექტორული, მრავალპოლარული პოზიცია სუვერენული საქართველოსი. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას. მე მინდა საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, იმოქმედონ პრაგმატულად, რათა შეწყვიტონ რუსოფობიული ისტერია და რუსეთთან იქონიონ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა“, – განაცხადა გავრილოვმა.