გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, საქართველოს ყველა რეგიონში მოთოვს. სააგენტოში ამბობენ, რომ მეტეოროლოგიური პირობების ცვლილება არქტიკული ცივი ჰაერის მასებით არის განპირობებული.
თბილისსა და რეგიონების ნაწილში, რამდენიმე საათია, გადაუღებლად თოვს. უწყების ინფორმაციით, გუდაურში თოვლის საფარი 170 სმ-ს აღწევს, მესტიაში — 86-ს, შოვში — 58-ს, ბაკურიანში — 18-ს, რიკოთზე კი — 10-ს. სტეფანწმინდაში საფარი 40 სმ-ია, მაშინ, როცა 16 თებერვლის დილით ის სულ 2 სმ-ს აღწევდა.
“დილის საათებში, მაგალითად, თოვა დაიწყო თბილისში, მაგრამ ამ დროს რუსთავში წვიმდა. ჯერჯერობით არ არის გავრცელებული ეს სიცივე. ამიტომ, დღეს ჩავთვალოთ, რომ ყველგან იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ზოგან ძლიერიც. ნალექის ინტენსივობა დღის ბოლოსთვის ზოგიერთ რაიონში შესუსტდება”, – აღნიშნავს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა.
“ნეტგაზეთი”