გირაოს მელია არ გადაიხდის იმიტომ, რომ მას ამის გადახდა არ ეკუთვნის. ეს არის უკანონო ბეგარა, ეს არის გავრილოვის ხარკი, რომელსაც არც მელია და არც არავინ გადაიხდის იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გავრილოვის ვალი,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განუცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, თუ ხელისუფლება აპირებს ნიკა მელია ოფისიდან სპეცრაზმის საშუალებით გაიყვანოს, მათ აქ საზოგადოება შიშველი ხელებით დახვდება.
“გეგმა არის ძალიან მარტივი – რაც ნიკას თავს ხდება არის უკანონობა, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის თავს არის კატასტროფა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ კატასტროფა იყო ივანიშვილი რომ მართავდა და ახლა ეს სამი გაუგებრობა, სრული ან სიტყვის მნიშვნელობით – კობახიძე, თალაკვაძე და მდინარაძე წყვეტენ ამ ქვეყნის ბედს. ეს ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც დათესეს მათ პროკურატურასთან ერთად, არის თავიდან ბოლომდე მათი უტვინობის, მათი არაკომპეტენტურობის და მათი სიხარბის შედეგი.
ძალიან კონკრეტულად დგას საკითხი, გირაოს მელია არ გადაიხდის იმიტომ, რომ მას ამის გადახდა არ ეკუთვნის. ეს არის უკანონო ბეგარა, ეს არის გავრილოვის ხარკი, რომელსაც არც მელია და არც არავინ გადაიხდის იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს გავრილოვის ვალი. თუ გავრილოვის ვალი აქვს კობახიძეს და ივანიშვილს, თვითონ გადაუხადონ! ქართული საზოგადოება გავრილოვის ხარკს არ გადაიხდის. გამოსავალი არის ერთი – ოდნავ აზრზე მოვიდნენ. მათ სამართავად ქვეყანა აბარიათ, სამწუხაროდ, მიტაცებული ძალაუფლებით, ამიტომ საქმეს მიხედონ და ეს სამარცხვინო პროცესი იურიდიულად როგორც უნდათ ისე ჩააქრონ. სხვა შემთხვევაში მოუწევთ აქ სპეცრაზმით მოსვლა. სპეცრაზმით თუ მოვლენ ჩვენ ამ ხელებით დავხვდებით, მაგრამ წინააღმდეგობა იქნება ბოლომდე, არავინ უკან არ დაიხევს და ეს კარგად უნდა იცოდეს ყველამ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, იმ “მანქურთებმა” და “ცახესებმა”, ვინც ხელი დააჭირეს ღილაკს, უმრავლესობის დეპუტატებს ვგულისხმობ. თითოეული მათგანი სამარცხვინო ბოძზე იქნება მთელი ცხოვრება. კოლექტიური ოდიშარიები სახეში შესაფურთხებლად გაიხდით თავს და ქუჩაში გამოსვლის შეგრცხვებათ. აქამდე თავს ნუ მიიყვანთ!”- განცხადა უგულავამ.
მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, შექმნილი ვითარების ფონზე ხომ არ ელოდება ის თავისი სასამართლო პროცესების განახლებას, უგულავამ უპასუხა: “ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ყოფილიყო გავიგებდი”.
“მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს ყველაფერი არის ერთი პროცესი. მას შეგვიძლია დავარქვათ “გავრილიადა”, სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი, რომელიც ივანიშვილს უნდა რომ ჩვენ გადავიხადოთ, მაგრამ გავრილოვს ხარკს არავინ გადაუხდის. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი ხალხის თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც სამწუხაროდ, ჰყავს თავს მოხვეული სრულიად აზრს დაკარგული, უგუნური, შლეგი ხელისუფლება. შეიძლება განახლდეს ჩემი პროცესები შეიძლება არ განახლდეს, ყველაფერია მოსალოდნელი. თუ ქვეყანაში უმრავლესობა ფლობს სამართალს, უმცირესობა ფლობს სამართლიანობას. სანამ არ ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთს არ დაემთხვევა, ყოველთვის იქნება აცდენა. ძალაუფლება ვისაც აქვს იმას ხელში ექნება სამართალი, ძალაუფლება ვისაც არ აქვს, იმის უკან იქნება სამართლიანობის განცდა. როდესაც სამართალი და სამართლიანობა აცდენილია ქვეყანა შედის ჩიხში. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ბრიყვების ხელში შევედით ძალიან მძიმე პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი ამის დეესკალაციაა. ამიტომ გაიყვანეთ თქვენი “ოპრიჩნიკები”, რაც გინდათ უთხარით მოსამართლეს, გირაოს, ხარკს არავინ გადაიხდის”,- განაცხადა უგულავამ.