როგორ მოვხვდეთ ამერიკაში და მივიღოთ ლეგალურად ცხოვრების უფლება – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ადვოკატის რჩევები

ლევან ნათალიშვილი 26 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ჯერ ექიმობა უნდოდა, ჩააბარა კიდეც თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და იურისტობა არჩია.

ახლა ადვოკატია და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს საიმიგრაციო საბუთების მოგვარებაში ეხმარება.

– 1989 წელს ჩავაბარე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. მესამე კურსზე ვიყავი, როცა სტუდენტური ვიზით ჩამოვედი ამერიკაში. მას შემდეგ 26 წელი გავიდა და სულ ორჯერ, ძალიან მოკლეხნიანი ვიზიტით ვიყავი საქართველოში. ამერიკაში ჩამოსულმა გავაგრძელე სწავლა ჯერ ბაკალავრზე, შემდეგ – მაგისტრზე, შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. რამდენიმე ხნის შემდეგ დავქორწინდი აქ მცხოვრებ ქართველ გოგონაზე და ერთი შვილიც გვყავს, თუმცა ერთად აღარ ვცხოვრობთ.

მაქვს სისხლის სამართლის საქმეებიც, მაგრამ ძირითადად საიმიგრაციო საბუთების მოგვარებაში ვეხმარები ადამიანებს. ჩემი საქმეების 80-85% სწორედ ამ მიმართულებით გახლავთ.

საიმიგრაციო საკითხებს რამდენიმე მიმართულება აქვს. ერთ-ერთი გახლავთ, როდესაც თავის ქვეყანაში წარმატებული ადამიანები – შოუ-ბიზნესიდან ან და ხელოვნების სხვა სფეროდან ჩამოდიან ამერიკაში და სურთ საბუთების მიღება და ლეგალურად ცხოვრების უფლება, რომ თავისი საქმიანობა აქ გააგრძელონ. მეორე მიმართულება გახლავთ ის, რომ ზოგიერთი ადამიანი თავის ქვეყანაში იდევნება სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგალითად: რასობრივი ნიშნით, სექსუალური უმცირესობის კუთვნილებისა პოლიტიკური შეხედულებების გამო. ასეთი ადამიანები საქართველოდანაც საკმაოდ ბლომად იყვნენ. მაგალითად, 2012 წლამდე ჩამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებისგან იდევნებოდნენ. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა მოხდა და უკვე ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ „ქართული ოცნება“ დევნიდა. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ყველას ვემსახურები, ვინც მომმართავს.

ბოლო დროს არარ, მაგრამ წლების წინ ასევე ჩამოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც რელიგიური ნიშნით იდევნებოდნენ. ახლა მათი რიცხვი შემცირდა ან თითქმის აღარ არის, რაც ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ისინი ამბობდნენ რომ იდევნებოდნენ იმისთვის, რომ არ იყვნენ მართლმადიდებლები. ამბობდნენიმასაც, რომ ეკლესიის მსახურები დასდევდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სექსუალურ უმცირესობას მიეკუთვნებიან.

ასეთი ფაქტები მხოლოდ საქართველოში არ ხდებოდა.ხდებოდა უკრაინაში, რუსეთში, მას შემდეგ რაც წინა პლანზე წამოიწია „რასპუტინიზაცია“. ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ ამერიკაში წამოიწყონ ბიზნესი და ფული დააბანდონ, ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი სტატუსი, რომლის მოპოვებაშიც მე ვეხმარები.

არსებობს სხვადასხვანაირი ვიზა – სპორტული, სამუშაო, დროებითი ვიზები. თუ ადამიანს უარი უთხრა საიმიგრაციო სამსახურმა, ქვეყანაში დარჩენაზე, საქმეში ერთვება სასამართლო. თუ ადამიანი ჩამოვიდა თავისი ქვეყნიდან და ამბობს რომ არის დევნილი, თუმცა დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს და საიმიგრაციო სამსახურ უარს ეუბნება, სასამართლომ შესაძლოა, სტატუსი მიანიჭოს.

არ გაგიკვირდეთ, ასეც ხდება, რომ ჩამოდის ადამიანი, ამბობს, რომ თავის ქვეყანაში დევნიან, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს. სწორედ ასეთ ადამიანებს ვეხმარები შესაბამისი საბუთების მოპოვებაში და შემდეგ ვესწრები სასამართლო პროცესებსაც.

ყველაზე მეტად ემოციური ვარ ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრებს ეთმანეთს აშორებენ. მაგალითად, ოჯახის ერთ-ერთ წევრს – მამას დეპორტაციას უკეთებენ, ხოლო ცოლი და შვილები კი აქ რჩებიან. ეს პროცესი ძალიან გულსატკენია. ასე ხდება ხოლმე შერეული სტატუსების მქონე ოჯახებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აქვს ცხოვრების უფლება, საბუთები, მოქალაქეობა, დანარჩენ წევრებს – არა. ასეთი საქმეებიც ხშირად მოგვიგია.

ასევე, ხდება ხოლმე, რომ ადამიანი მოხვედრილა გაუგებარ სიტუაციაში და კრიმინალური კუთხით შეექმნა პრობლემები. ასეთ შემთხვევაში, თუ საბუტები წესრიგში არა აქვს, მისი დეპოტრაცია ხდება. თუმცა, ხშირად ასეთი სიტუაციის გადარჩენაც მოგვიხერხებია.

ყველა მოსამართლეს თავისებური მიდგომა აქვს საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით. ზოგი ძალიან მკაცრია, ზოგი ძალიან ლიბერალი, ზოგიც- ზომიერი. ამიტომ გადაწყვეტილებების გამოტანა ხდება იმის მიხედვით, როგორ უდგება მოსამართლე ამ თემას. ზოგიერთი საერთოდ სკეპტიკურად არის განწყობილი საიმიგრაციო საბუთების მიმართ. ამიტომ, შანსი ადამიანს ეძლევა იმის მიხედვით, რომელ მოსამართლესთან მოხვდება მისი საქმე.

მე დავწერე წიგნი, რომელიც გახლავთ საიმიგრაციო კანონის აღწერა, ასე ვთქვათ, ხალხურ ენაზე – ზედმეტი იურიდიული ტერმინოლოგიის გარეშე, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს გასაგები. ეს წიგნი უბრალოდ არის სახელმძღვანელო გზამკვლევი იმ ადამიანებისთვის, ვინც აპირებს, რომ ამერიკაში ჩამოვიდეს და საბუთები მიიღოს ან უკვე ჩამოსულია და ცდილობს საბუთების მიღებას.

წიგნი იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ უნდა ჩამოვიდეს აქ და როგორ მოახერხოს საბუთების მიღება. რა წინააღმდეგობას შეიძლება წააწყდეს და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება. წიგნი საქართველოში არ იყიდება, იყიდება მხოლოდ ამერიკაში. გამოცემულია სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

მაგალითად, მე რომ ჩამოვედი ამერიკაში, აქ მაშინ ძალიან ცოტა ქართველი იყო და ჭკუის დამრიგებელი არავინ მყავდა, როგორ მოვქცეულიყავი, რომ საბუთები მიმეღო. ვიდრე ადვოკატთან წავიდოდი, გადავწყვიტე, რომ შესაბამისი ლიტერატურა მომეძიებინა, მაგრამ ძალიან მწირი არჩევანი იყო და რაც ვნახე, ყველგან ძალიან რთული ენით იყო დაწერილი და საიმიგრაციო კანონი ახსნილი.

ძალიან ბევრი დრო დავკარგე, სანამ გავერკვიე, რა უნდა გამეკეთებინა. ამიტომ, როცა ადვოკატი გავხდი და დავიწყე ამ თემებზე მუშაობა, გადავწყვიტე, რომ დამეწერა წიგნი მარტივი ენით, რომელიც იქნებოდა გასაგები ყველა ადამიანისთვის. ხუთი წელი ვიმუშავე წიგნზე და როგორც იქნა, ამ ზფხულს გამოვეცი. მე რომ ქონოდა ასეთი წიგნი, ეს იქნებოდა ძალიან კარგი, ვინაიდან აღარ დავკარგავდი ბევრ დროს და გაცილებით მარტივად მოვაგვარებდი საქმეს. არ ვამბობ, რომ ეს არის უნიკალური წიგნი და ამაზე უკეთესი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ არის ძალიან კარგი და სასარგებლო.

როცა ამერიკაში ჩამოვედი, ყველაზე მეტად მშობლების კალთიდან მოშორება გამიჭირდა. აგიხსნით, რატომ: მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა ახალგაზრდა მიჩვეულია იმას, რომ მშობლის მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობს. თუ სადმე ჩაწყობა საჭირო, მშობელი ეხმარება საჭირო ნაცნობობით. ამას არ ვმალავ, რადგან ჩემს დროს, როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ ხდებოდა სწორედ ყველგან ჩაწყობა ნაცნობობით, მეგობრობით, ფულით და მეც ყოველთვის ვიყავი მშობლების ფრთის ქვეშ და მამაჩემი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემთვის ასე ვტქვათ, „ხელი წაეკრა“.

აქ როცა ჩამოვედი, დავრჩი ისე, რომ არანაირი ნაცნობობა და არანაირი ახლობლები არ მყავდა და მამაჩემის მაგივრად ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა – თავი მე თვითონ უნდა გამეტანა და ვყოფილიყავი გამწევი ძალა. ვაღიარებ, რომ ყველაზე მეტად ამის გადალახვა გამიჭირდა, თორემ ჩონგური და „იავნანამ რა ჰქმნა“ ნამდვილად არ მენატრებოდა. თუმცა, მენატრებოდა ჩემი ქვეყანა, მშობლები, მეგობრები…

აქ დავინახე, რომ ადამიანები ჩხუბით და ყვირილით კი არა, საქმეს საუბრითა და ლოგიკური მსჯელობით აგვარებდნენ. ძალიან მიკვირდა, სულ მესმოდა, რომ ქართველები ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე მაგრები ვართ და ვფიქრობდი: თუ ასეთ ჭკვიანები ვართ, ჩვენ რატომ ვერ ვაგვარებთ სიტყვითა და საუბრით საქმეებს?

ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ყველა ქართველ სტუდენტს ჰქონოდა საშუალება, თუნდაც ერთი სემესტრი ჩამოსულიყო და აქ ესწავლა, მაგრამ ეს იყო უტოპია თავიდანვე, რადგან ნებისმიერ სტუდენტი აქ ვინც ჩამოვიდოდა, უკან აღარ დაბრუნდებოდა. ხომ ხედვთ, მეც არ დავბრუნდი და სხვაზე რა უნდა გითხრათ?

ამ ყველაფერს კი უფრო პატრიოტული სულისკვეთებით ვფიქრობდი, რადგან ძალიან მინდოდა, ყველას ენახა, როგორი ამერიკაში სწავლა, გამოცდების ჩაბარება და უფრო რეალისტურად აღექვათ ეს ყველაფერი.

როცა მე საქართველოში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, მაშინ რა არ არსებობდა დებატები. იყო მარტო იმის მტკიცება, რომ მე ვარ მართალი და მორჩა, დამთავრებულია ყველაფერი ან კიდევ – „ჩემს ჭაღარას დაუჯერეთ“. ამერიკამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში და მიმაჩნია, რომ რაც კარგია, აუცილებლად უნდა გადავიტანოთ ქართულ რეალობაში.