ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

პოლიციამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 2 მოქალაქე დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ა. და 1991 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით.

“დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, შპს „მედიაჰოლდინგი კვირას“ ქუთაისის ბიუროს ჟურნალისტსა და ოპერატორს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალეს ხელი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიიმალნენ. პოლიციამ რ.ა. და გ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულების სახით დააკავა.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს” – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: newposts.ge