ეროვნულ ვალუტას კორონავირუსი “შეეყარა” – რა შეაჩერებს ლარის გაუფასურებას!?

პანიკა მსოფლიო ბირჟებზე და საქართველოს სავალუტო ბაზრებზე – ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ორ კვირაში ლარი ისე გაუფასურდა, ექსპერტები უკვე ხუმრობენ, რომ ეროვნულ ვალუტას კორონავირუსი შეეყარა, თუმცა მისთვის წამლის მიმწოდებელიც არ ჩანს. ეს ისე, ცოტა ლირიული გადახვევა, მაგრამ რეალურად, სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე. ლარი გაუფასურების რეკორდს ამყარებს და კომერციულ ბანკებში 1 დოლარი უკვე 3, 03 ლარი ღირს. არადა, დაახლოებით, 2 კვირის წინ 1 დოლარი 2, 78 ლარად იყიდებოდა. რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი, გარდა იმისა, რომ განცხადება გაავრცელა და გვითხრა, ლარის გაუფასურება კორონავირუსს უკავშირდებაო, გარდა იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა გვპირდება, გეგმავს შევიმუშავებთო, როდემდე გაგრძელდება ლარის გაუფასურება და რა ეშველება ეკონომიკას, სადაც პრობლემები კორონავირუსის გარეშეც არ გვაკლდა, შეკითხვები ჩვენ ეკონომისტებს დავუსვით.

ექსპერტი ნიკოლოზ შენგელია ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს არ შეცვლის, ლარის გაუფასურება არ გაჩერდება.

„საჭიროა, ეროვნული ბანკის ჩარევა, რომ შემდგომი გაუფასურება აღარ მოხდეს, რადგან ამას უკვე მოჰყვება ფასების ზრდა პროდუქტებსა და მომსახურებაზე. რაც შეეხება მთავრობას, რომელსაც ეგონა, რომ საგარეო შოკები დაძლეული იყო, მათ მინდა, ვუთხრა, ახლა იმ შოკს დააკვირდნენ, რასაც მსოფლიო ბაზარზე აპრილიდან ჭარბი ნავთობის გატანა ჰქვია. ეს ნიშნავს, რომ ამას საქართველოშიც მოჰყვება შოკი ზუსტად აპრილიდან”, – აცხადებს შენგელია.

ექსპერტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტურისტების ნაკადის შემცირებაა, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება.

ვახტანგ ჭარაია კი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს, თუმცა მისივე თქმით, ეს გადამწყვეტი გაუფასურება არ იქნება. ჭარაია განმარტავს, რომ უარყოფით ფაქტორებთან ერთად, არსებობს დადებითიც, ანუ შემომავალი ნაკადები. მათ შორის, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და უცხოური ინვესტიციების ზრდას ასახელებს და შედეგად ის კურსის დაბალანსებას ელოდება.

ექსპერტებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ქვეყანა კრიზისის ზღვარზეა და პროცესები უმართავი გახდება, თუ მთავრობა დროულად არ ჩაერევა პროცესებში. ეკონომისტები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. უფრო კონკრეტულად კი, ისინი მთავრობას „ქამრების შემოჭერას“ ურჩევენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, გადასახადების შემცირებაც. ამას ურჩევს მმართველ გუნდს ასევე ოპოზიციაც, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლების გეგმა ჯერჯერობით ისევ უცნობია.

შეგახსენებთ, ბოლო ერთ კვირაში დოლართან მიმართებაში 17 თეთრით, ევროსთან კი – 21 თეთრით გაუფასურდა.

წყარო: itv.ge