შეზღუდვების გაჭიანურებამ ეკონომისტებს ეჭვი გაუმძაფრა. მათი აზრით, 2021, შარშანდელის მსგავსად, არანაკლებ რთული წელი იქნება. ზოგიერთი მათგანი მშპ-ს ზრდასაც კი არ ელოდება, რადგან კრიზისის დაძლევის ნიშნები არ ჩანს.
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის ანალიტიკოსს გივი ადეიშვილს 2021 წელს ეკონომიკის ზრდის არ სჯერა. იგი ეკონომიკის გახსნის დაჩქარებაზეც საუბრობს, რადგან წინააღმდგე შემთხვევაში პრობლემები კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს.
„იყო პროგნოზი, რომ 2020 წელს ეკონომიკა 4%-ით შემცირდებოდა, რეალობამ გვაჩვენა, რომ ეკონომიკა 6%-ით შემცირდა და ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას თანაბრად დააკლდა შემოსავალი. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც არის თვითდასაქმებული და იმ ნაწილს, რომელიც უფრო მეტად დამოკიდებული იყო ტურიზმის სექტორზე, უფრო მეტად შეუმცირდა, ზოგს კი სულაც გაუნულდა შემოსავალი.
ეკონომიკის 6%-იანი შემცირება დიდი დარტყმაა მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. აგვისტოს ომის პერიოდშიც კი ჩვენი ეკონომიკა ასე არ შემცირებულა. ამ მოცემულობით თუ ვიმსჯელებთ, საჭიროა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას. ახლაც ვხედავთ, რომ ბიზნესი არ ფუნქციობს სრულად და მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება“,- განაცხადა ადეიშვილმა.
მისი აზრით, რეგულაციების მკაცრი დაცვით უნდა მიეცეს საშუალება ბიზნესს და მოქალაქეებს, რომ დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას.
„დღეს, როცა ყველაფერი დაკეტილია, მოსახლეობის დიდ ნაწილს განულებული აქვს შემოსავალი, ამ პირობებში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და რეგულაციების შემსუბუქება. ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს და ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა არის“ – აღნიშნა ადეიშვილმა.
კიდევ უფრო მკვეთრი პოზიცია აქვს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს. მისი აზრით, ეკონომიკის 6.1%-იანი კლება შელამაზებულია, რადგან შარშან გაცილებით უფრო დიდი ვარდნა იყო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 400 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.
„როდესაც 3,7-მილიონიან ქვეყანაში 400 000 სამუშაო ადგილი იკარგება, ეს არის ეკონომიკური ტრაგედია, ამაზე მეტი რა არსებობს? ასეთ დროს, როდესაც 6,1%-იან კლებას აჩვენებენ, ეს ძალიან შელამაზებული ციფრია. ამ „ლოქდაუნების“ უკან ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედიაა. ამაზე პასუხი არავინ უნდა აგოს? საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილია უპრეცედენტო დანაშაული“ – აღნიშნა ბაირახტარმა.
აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის აზრით, ყველა ის შემსუბუქება, რასაც დღეს მთავრობა გვთავაზობს ფასადურია და რეალურად ბიზნესები საქმიანობას სრულყოფილად ვერ აგრძელებენ.
„როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 108-ე ადგილზე ვართ, შეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით მერვე ადგილს ვიკავებთ. სხვათა შორის, ჩვენს შემდეგ, რომელი ქვეყნებიც მოდიან, ამ ქვეყნებშიც კი მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა, რადგან ეს არაჰუმანური აქტია. მაგალითად, სავაჭრო ცენტრები გაიხსნა და მუნიციპალური ტრანსპორტი კი ორი კვირის განმავლობაში არ მუშაობდა. მარტო თბილისის მასშტაბით მოლებში 17000 ადამიანია დასაქმებული, ანუ ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, ვინც მანამდეც მუშაობდა ან რაღაც ტიპის აქტივობას ახორციელებდა, უბრალოდ, პასუხი არ გასცა, თუ როგორ უნდა გადაადგილებულიყვნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე.
აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სექტორების გახსნაზე, ახლა შევხედოთ ეს რამდენად არის რეალობასთან ახლოს, მე ამას ფასადური გახსნა ვუწოდე. გაიხსნა სავაჭრო ობქიეტები, მაგრამ მათ უთხრეს, რომ შაბათ-კვირას არ იმუშავებენ და კვირის დღეებში საღამოს 7 საათზე უნდა დაკეტონ. მსყიდველუნარიანი მოქალაქე, ვისაც სამსახური და შემოსავალი აქვს ამ დაწესებულებებში ვერ მიდის“ – აღნიშნა ბაირახტარმა.
წყარო: itv.ge