სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან

გია ხუხაშვილი – სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან.

სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, „გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი“ და ამით რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდა.

„ერთ – ორ სისულელეს კიდევ ჩაიდენენ და ტლაპოში ჩახტებიან, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მათაც ძალიან დააზიანებს, რადგან მათი მომავალი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, მაგრამ ისინი სხვა გზას ვერ ხედავენ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილის რიტორიკა სერიოზულად განსახილველი არ არის.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ გახარიას სახით „ბოლო ბურჯი“ გამოეცალა.

„მისი, ეს მაჩოს განცხადებების ან ადრე ვის სჯეროდა – გვახსოვს, რომ ერთხელ გამოვიდა და განაცხადა იბერიას გავაბრწყინებო და სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა – გადავდექიო. მის განცხადებებს არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა ვიხილავდეთ, მას ეტყვიან დაჯექი – დაჯდება, ეტყვიან ადექი – ადგება, ასეთი პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში და არა უმეტეს ამისა. აქედან გამომდინარე პროცესი არის ასეთი, რომ “ქართული ოცნება” არის დღეს ჰაერში დარჩენილი. ელექტორალური ბაზა, საყრდენი აღარ აქვთ, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა “ქართული ოცნება”, ეს იყო გახარია“ – განაცხადა ხუხაშვილმა.

წყარო: ptn.ge