საქსტატი – დაახლოებით ბოლო ერთ წელში ზეთი და ცხიმი 27%-ით, თევზეული – 10%-ით, რძე, ყველი და კვერცხი – 9%-ით, პური და პურპროდუქტები კი 7%-ით გაძვირდა! …
საქსტატმა საქართველოში ინფლაციის 2021 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის თანახმად, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 პროცენტი), თევზეული (10.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება, რაც -1.77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28.9 პროცენტი).
წყარო: alt-info.com