ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება – ნათია თურნავა

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

ნათია თურნავას თქმით, ამის ბოლო ნიშანი და დადასტურება იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის” შეფასება, როდესაც მან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.

„ეს ნიშნავს, რომ არამარტო ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, არამედ სწორედ ასე აფასებენ ამას საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები. საქართველო ასე გამოიყურება დღევანდელ დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში უცხოელების თვალში – როგორც მაკროეკონომიკურად მდგრადი, კეთილსაიმედო, საინვესტიციო თვალსაზრისით მომზიდველი და რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო. სწორედ ეს შეფასება არის ასახული ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაში, სადაც საუბარია, რომ ქვეყანა კვლავაც აგრძელებს და გააგრძელებს ევროატლანტიკური კურსით სიარულს და ევროპული ორიენტაციის რეფორმების განხორციელებას”, – აღნიშნა თურნავამ.

 

“რეზონანსი”