ენმ-ის წევრები მელიას დაპატიმრებას ელოდებიან და ცენტრალურ ოფისში რჩებიან

მეოთხე დღეა ნიკა მელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში რჩება. პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე რჩებიან პარტიის მხარდამჭერებიც.

ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს, რომ უარს ამბობს ნიკა მელიას დაკავებაზე,  მან თქვა, რომ დროებით გადადო ეს ღონისძიება და ამ დროებით გადადებაში რა იგულისხმება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის. არ არის გამორიცხული, რომ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია ყოველ წუთს განხორციელდეს. სწორედ ამიტომ, ვრჩებით ჩვენც ჩვენი პარტიის ოფისში და იმიტომ არის აქ ყოველდღიურად ასეულობით ჩვენი მხარდამჭერი,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

“დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაფერი გამორიცხული არ არის, არც დღისით და არც ღამით. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიქნებით. ჩვენ დავიცავთ არა კონკრეტულად, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას, არამედ უსამართლო ბრძოლის წინა ხაზზე დავდგებით, რომელიც დღეს გადის ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და რა თქმა უნდა, ნიკა მელიას დაცვაც დღეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ის სამართლებრივი ჩიხი, რომელიც თავად უნდა შექმნა ხელისუფლებამ, თავად გააუქმოს. ობოლაძის თქმით, თავად ვითარების დეესკალაციას და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ითხოვენ.

 

“რუსთავი2”