პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა:
“პარადოქსალური რამე შემიძლია გითხრათ, შეიძლება გიორგი გახარია იყოს ე.წ. ახალი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, მესამე ძალას რომ ვამბობთ ხოლმე. შეიძლება გახდეს ასეთი ლიდერი, მაგრამ ის არ იქნება “ქართული ოცნების” იდეოლოგიის ოპოზიციაში, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის იქნება იმ ტიპის პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისივე შეფასებით, სიტუაცია იმდენად რადიკალიზებული და დაძაბულია, რომ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებაც მოხდეს. არეშიძის თქმით, საქართველო ძალიან ცუდ ზღვარზე დგას, ამიტომ სიტუაციის პროგნოზირება რთულია.
“ამოცანები უნდა განისაზღვროს, რა ამოცანა აქვს მმართველ გუნდს და რა ამოცანა აქვს ოპოზიციას. ამოცანების განსაზღვრის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ შედეგს, რომლის მიხედვითაც სავალალო სურათი ჩნდება. ამათი ამოცანები არათუ ერთმანეთს არ ემთხვევა ფრაგმენტულადაც კი, არამედ შორდება, სხვადასხვა ამპლიტუდაზე მოძრაობენ. აქედან გამომდინარე, თქვენ როდესაც მეკითხებით რა სჭირდება დღევანდელ სიტუაციას, დღევანდელ სიტუაციას სჭირდება ორივე მხრიდან კომპრომისები. ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი გამორიცხულია. ოპოზიციის ამოცანა არის ხელისუფლებაში მოსვლა.
ახალი არჩევნები, მოლაპარაკებები არ არის მათი ამოცანა. მათი ამოცანაა ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერი გზით, რევოლუციური გზა იქნება ეს, ლეგიტიმური რევოლუცია თუ სხვა.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მას სურს ძალაუფლება როგორმე თავად შეინარჩუნოს და დეკლარირებული მიზანია ქვეყნის აღმშენებლობა, ამ ვითარებაში ქვეყნის აღმშენებლობის პერსპექტივა ძალიან რთულად დასანახია, ქვეყანა არის მუდმივ კრიზისულ ვითარებაში და ეს არ არის 5-6 წლის თუ 9 წლის ამბავი, ეს არის 30 წლის ამბავი. ქართული პოლიტელიტისთვის მთავარი ამოცანა ყოველთვის ძალაუფლებაში მოსვლაა”