ზუსტად ორ დღეში საქართველოს ეყოლება ახალი, ძალიან ქმედუნარიანი მთავრობა და შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი ამოწურულია, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი ახალი და ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება.
„მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია. ჩვენ ვიყავით ყოველთვის იქ, ველოდებოდით ოპოზიციას, ველოდებოდით, ოღონდ ულტიმატუმების გარეშე. არანაირი ახალი არჩევნები, არანაირი ვადამდელი არჩევნები არ იგეგმება. არჩევნები იქნება 2024 წლის ოქტომბერში. სხვა მხრივ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუმცა, როდესაც ოპოზიციამ პრემიერ გახარიას გადადგომისთანავე, დაიწყო მოწოდებები, რომ მოლაპარაკებები განახლდეს და პარალელურად დაიწყეს ძალადობრივი აქციები პარლამენტის წინ. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ თვალთმაქცობდნენ და ფარისევლობდნენ.
მათ არ უნდათ მოლაპარაკებები, ეს მკაფიოდ გამოჩნდა რამდენიმე ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერის განცხადებებში, რომლებმაც მოყვეს შიგნით რაც ხდებოდა. თუნდაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ვაშაძემ. თქვეს, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ბოკერიას პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, როგორც არ უნდა დამთავრებულიყო მოლაპარაკებები და რა წინადადებაზეც არ უნდა დათანხმებულიყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ მათი მიზანი იყო ქვეყნის აყირავების, რევოლუციისა და გადატრიალების მცდელობა. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, ვერ მოხდება ვერანაირი გადატრიალება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. 19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.
“იმედინიუსი”