სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს – სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში და მისთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად ყოფნა, ვიდრე თავმოყვარეობა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, ოპოზიციას სჭირდება იმ ფიგურებთან ლაპარაკი, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვიტონ საკითხი ან ამბავი მაინც მიიტანონ ბიძინა ივანიშვილთან.
„სალომე ზურაბიშვილს არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია, რაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ის გააკეთა. უთხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ შეიწყალე უგულავა და ოქრუაშვილი და არ შეიწყალო გიორგი რურუაო და ასეც მოიქცა. სახელს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა – ახლა, ვითომ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით მოხდება, რაც მოხდება და ღარიბაშვილის როლია ეს თუ ივანიშვილის?! – ივანიშვილი არის ის ადამიანი, ვინც განკარგავს აბსოლუტურად ყველაფერს. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში. მისთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად ყოფნა, ვიდრე თავმოყვარეობა, თორემ ნამდვილად შეეძლო პრეზიდენტს აქამდეც არ მისულიყო საქმე და გაცილებით აქტიური როლი ეთამაშა. ქალი ქვეყნის პრეზიდენტია და არჩევნების დროს უშბაზე თუ ხვამლზე იყო წასული სასეირნოდ და ერთი განცხადება არ გაუკეტებია ობიექტურობასთან მიახლოებული, ამიტომ არ ვაპირებ ზურაბიშვილზე სერიოზულად ლაპარაკს. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყევტილება მიიღოს ივანიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს, ჩვენ გვჭირდება ლაპარაკი იმ ფიგურებთან, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს ან ივანიშვილთან ამბავი მაინც მიიტანოს, მათ შორის, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილთან. შევარდნაძესაც ვერ წარმოედგინა 22 ნოემბერს, რომ 23 ნოემბერს სახლში წასვლა მოუწევდა, მაგრამ მოუწია და ახლა ცოტათი ირაკლი ღარიბაშვილზე უფრო გამჭრიახი იყო ედუარდ შევარდნაძე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.