უმუშევართა რიცხვი 53 000-ით 308 000-მდე გაიზარდა

2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 53 000-ით გაიზარდა – ასეთია საქსტატის ოფიციალური შეფასება იმ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელშიც ქვეყანა ამჟამად იმყოფება.

ჯამურად, საქართველოში უმუშევართა რაოდენობამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში შრომისუნარიანი მოსახლეობის 20.4%, ანუ 308 000 ადამიანი შეადგინა. წლიურ ჭრილში უმუშევართა რაოდენობა 3.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში უმუშევრობის რეკორდული ზრდა იყო.

საქსტატის მიხედვით, გასულ წელს შემცირდა როგორც მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალის მოცულობამაც იკლო. კერძოდ, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 1.278 მლნ ადამიანი ითვლებოდა დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი დასაქმებულთა რაოდენობა 1.199 მილიონამდე შემცირდა.

შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობამ გასულ წელს 79 ათასი ადამიანით იკლო. ამ 79 ათასიდან 26 ათასი სამუშაო ძალას გამოეთიშა, 53 ათასმა კი, უმუშევართა რიგებში გადაინაცვლა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დაქირავებით დასაქმებულების მიმართულებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 879 ათასი ადამიანი ითვლებოდა დაქირავებით დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი, ხელფასის მქონე მოსახლეობის რაოდენობა ამაზე 74.6 ათასით ნაკლები იყო და 805 ათასს შეადგენდა.

თვითდასაქმებულთა კუთხით კი, საქსტატი დასაქმებულთა მხოლოდ 5 ათასიან კლებაზე წერს, თუმცა ამ სფეროში ფაქტობრივი დასაქმების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება სტატისტიკის სამსახურისთვის, როგორც წესი, უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობის მოძიება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს საქსტატმა უმუშევრობის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გამოქვეყნება დაიწყო. განახლებული კრიტერიუმებით, საქსტატი ავტომატურად თვითდასაქმებულებად აღარ აღრიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და პროდუქტები მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის მოჰყავთ. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2019 წლის უმუშევრობის დონე, რაც წინა მეთოდოლოგიით 11.6% იყო, 17.6% გახდა.

წყარო – bm.ge