გომელაური – ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას ქურდული სამყაროს და ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ.
ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
“2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაურის განცხადებით, სამინისტრო “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.
“სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, უწყება კვლავ განაგრძობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასაც.
“მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომლის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღკვეთისათვის აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტებს და ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათში” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
წყარო: ptn.ge