აფხაზეთში მდებარე მღვიმის საიდუმლო, რომელშიც, სავარაუდოდ, რუსული სამხედრო ბაზა და ასევე საიდუმლო სეისმოლოგიური ლაბორატორიაა განთავსებული, საზოგადოებისთვის კვლავ ამოუხსნელი რჩება.
ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ეშერას ლაბორატორიის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის არასრულყოფილად ვრცელდებოდა, რამაც შემდეგ წლებში მის გარშემო უამრავი მითის წარმოქმნა განაპირობა. ერთ-ერთი ამ მითთაგან უკავშირდება 1988 წელს სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარ მიწისძვრას, რომელიც თითქოს, სწორედ ეშერას ლაბორატორიიდან იმართებოდა.
საბჭოთა წლებში ლაბორატორიას მხოლოდ სამხედრო დანიშნულება ჰქონდა, რათა იქიდან ახლო აღმოსავლეთი გაეკონტროლებინათ. დროთა განმავლობაში ფუნქცია შეიცვალა და უკვე ტექტონიკური იარაღის შესაქმნელად იყენებდნენ.
კიდევ ერთი ინფორმაციით, მღვიმეში მდებარე სამხედრო ბაზაში, გარდა შეიარაღებისა, ჰქონდათ აპარატურა, რომელიც 1500 კილომეტის რადიუსზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას აფიქსირებდა. მაშინ საბჭოთა ხელისუფლების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ იყო ახლო აღმოსავლეთი.
იმ წლებში აღნიშნულ დაკვირვებებსა და სამუშაოებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 25 ოფიცერი აწარმოებდა.
წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ლაბორატორიაში ტექტონიკური იარაღის ტექნოლოგიებზე მუდმივი ექსპერიმენტების “დამსახურება” იყო საქართველოში, რაჭისა და სომხეთში სპიტაკის მიწისძვრები.
”ეს სეისმოლოგიური ლაბორატორიაა, რომელიც დედამიწის ქერქის დაძაბულობას აკვირდება. თუ მომწიფებულია ტერიტორია და მას სჭირდება გარკვეული ბიძგი, შესაძლებელია შორი მანძილიდან მისი პროვოცირება” – წერდნენ მაშინ გეოლოგები, თუმცა, სეისმოლოგები ამ ყველაფერს დეზინფორმაციას უწოდებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეშერას ბაზიდან მიწისძვრების ხელოვნური გამოწვევა არარეალური იყო.
2019 წლის დასაწყისში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა ბლოგერმა და ფოტოგრაფმა ვლადიმირ მალდერმა (Владимир Малдер) იმოგზაურა და ეშერას ლაბორატორიასაც ესტუმრა. “მიტოვებული ლაბორატორია” – ასე ჰქვია მის ფოტობლოგს, რომელშიც ლაბორატორიის მიწისზედა დონეა ასახული.
“ბოლო ხანებში აფხაზეთში ობიექტების ძებნა ცოტა გართულდა. ლაბორატორიის რუკაზე მითითებული ადგილები ახლა ან ცარიელია, ან განადგურებული, ერთჯერადი შპრიცებით სავსე … რაც შეეხება იმას, რაც ყველაზე მეტად საინტერესოა – რუკაზეც არ არის ან ჯუნგლებითაა დაფარული, ისე რომ შესასვლელი არც კი ჩანს, ან იმდენად ნაგვით არის სავსე, რომ ყურადღებასაც არავინ მიაქცევს” – წერს ბლოგერი.
ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია სააქტო დარბაზი, სადაც ბლოგერის თქმით, სავარაუდოდ ბოლო სხდომა ჩატარდა. კიდევ ერთ ფოტოზე შევსებული დოკუმენტი ჩანს, რომელიც 2007 წლის იანვრით არის დათარიღებული და რომლის მიხედვითაც ობიექტი ჯერ კიდევ სრული დატვირთვით მუშაობდა …
წყარო: intermedia.ge