ხალხს ვერ დააჩოქებთ – ანზორ მელია

ანზორ მელიამ მთავრობასაც მიმართა, რომ “ხალხს ვერ დააჩოქებენ”.

“ბედნიერი ვარ დღეს, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო იმიტომ, რომ არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ ნიკა თუ როგორი შემტევი, თავდაუზოგავი, ენერგიული არის. მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, შეიყვარეთ, ეფერებით, თქვენ რომ მლოცავთ მე, ჩემს მეუღლეს და ბავშვებს, ყველას დიდი მადლობა.

მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს. ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება”, – განაცხადა ანზორ მელიამ.


დღეს, 23 თებერვალს, ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ენმ-ის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მელიას დაკავებას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე საქართველოში მოქმედი საელჩოებისგან, მათ შორის ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, ის “შოკირებულია” მომხდარით, ხოლო აშშ-ს საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მელია სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. მელია აცხადებდა, რომ პოლიციას არ მისცემდა თავისი დაკავების საშუალებას, რადგან უკანონოდ მიიჩნევს როგორც წაყენებულ ბრალდებას, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას.

 

“ნეტგაზეთი”