ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გუშინ გარკვეული პრობლემები შექმნა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე.
კალაძის განმარტებით, ქარმა განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.
„პრობლემები შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ ქარმა გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხეების წაქცევის ძალიან ბევრი შემთხვევა. ასევე, რამდენიმე ადგილზე ავარიულ სახლებში, სადაც, საბედნიეროდ, არავინ ცხოვრობდა, კედლის ჩამოშლის შემთხვევები დაფიქსირდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობებს, რომლებიც თბილისში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
კალაძის თქმით, დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა.
საქართველოს დედაქალაქში უამინდობა 26 თებერვლამდე გაგრძელდება. სინოპტიკოსები დედაქალაქში ოთხშაბათს თოვლჭყაპს, ხუთშაბათს კი თოვლსა და ნისლს პროგნოზირებენ.
“სპუტნიკი”