პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის განცხადებით, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 40 %-ზე მეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის სექტორში ძირითადად თვითდასაქმებულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 75%, მათი შემოსავალი კი 20%-ით ნაკლებია ქალაქში მცხოვრები ადამიანების საშუალო შემოსავალთან, სწორედ ამიტომაც ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო სოფლის მეურნეობის სექტორში თანმიმდევრული რეფორმები და მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს.
“ბატონმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა რამდენჯერმე ახსენა და, არაშემთხვევით, სოფლის მეურნეობა და ჩვენი რეგიონების განვითარების აუცილებლობა. მას ნათლად ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აგრარულ სექტორში არსებული შესაძლებლობების გაზრდა, მცირემიწიანობის პრობლემის გადაჭრა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ ტექნიკით უზრუნველყოფა, პირველადი და მეორეული წარმოებების ხელშეწყობა, შესაბამისად გაზრდილი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში, რომელიც უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს სოფელში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს – განაცხადა ნინო წილოსანმა და კოლეგებს შეახსენა, რომ წლების წინ, სწორედ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო და გაფართოვდა შეღავათიანი აგრო კრედიტი, დანერგე მომავალი, აგრო დაზღვევა და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამები სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის მონაცემებით შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა 24000 მეტმა ბენეფიციარმა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 24000 მეტ ადამიანთან მივიდა და დაეხმარა, რათა სოფლის მეურნეობაში წარმატებისთვის მიეღწია. ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილია 11 ათას 200-მდე ახალი სამუშაო ადგილი. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის მეშვეობით 56 საწარმოში 1622 სამუშაო ადგილი შეიქმნა.
პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 1,749 განაცხადი, რომელიც 10 ათას ჰექტარზე ხილის ბაღების გაშენებას ითვალისწინებს, რისთვისაც სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობამ შეადგინა 66 მილიონზე მეტი ლარი. აგრო დაზღვევამ კი ამ წლების განმავლობაში 19 ათასზე მეტ ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით შემოსავლის შენარჩუნების და რისკების შემცირების შესაძლებლობა მისცა – დაზღვეულ იქნა 828 მილიონამდე ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა.
“დღეს ჩვენ ვამტკიცებთ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელიც ისევე ინტენსიურად გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, როგორც აქამდე, იმ პირობით, რომ უფრო მეტ ადამიანთან მივალთ რეგიონებში. მე ოთხი წლის განმავლობაში გურიის რეგიონს წარმოვადგენდი პარლამენტში, მსგავსად სხვა რეგიონებისა, აქაც არათანაბარია აგრარული სექტორის განვითარება. ჩვენი განახლებული პოლიტიკით ეს უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათ. ჩვენი პროგრამები უნდა მოვარგოთ რეგიონებს თავისი სპეციფიკის მიხედვით, რეგიონების პოტენციალის შესწავლით და ამის შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა უნდა იყოს პრიორიტეტი მომავალში. ასევე ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ სექტორში მყოფი ადამიანების საჭიროებებზე და თანმიმდევრულად, დროულად გადავწყვიტოთ ისინი.
ჩვენს პოლიტიკას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ადამიანებამდე აღწევს. აქამდე სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობდით და გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი ვართ, სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, რომ შევქმნათ თანამედროვე აგრო რეგიონი და ამ რთულ პოსტ პანდემიურ პერიოდშიც კი გამარჯვებული გამოვიდეთ სიღარიბის დაძლევის გზაზე” – განაცხადა ნინო წილოსანმა.
წყარო: ptn.ge