იუდაიზმის უმნიშვნელოვანეს თხზულებაში — თალმუდში არის არაკი, რომელიც არაჩვეულებრივად განმარტავს, რატომ გაურბის კაცს სხვისი ცოლისკენ თვალი, რაგინდ ლამაზი და არაჩვეულებრივი ქალიც უნდა უმშვენებდეს თავად გვერდს.
საქმე თურმე ასე ყოფილა: ოდესღაც, უძველესზე უძველეს დროში, ღმერთმა ათი ადამი შექმნა. აქედან ერთი მიწის მუშა იყო, მეორე — მესაქონლე, მესამე — მეთევზე და ასე შემდეგ.
გავიდა რაღაც დრო და ათივე ადამი ღმერთს მიადგა ჩივილით: მამავ ჩვენო, ყველაფერი გვაქვს, საქმესაც ვაკეთებთ და მაძღრადაც ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი სული კიდევ რაღაცას ითხოვსო.
მაშინ ღმერთმა თითოეულს ცომის გუნდა მისცა და უთხრა: ამ ცომიდან ყველამ სათითაოდ გამოიძერწეთ ქალი — ისეთი, როგორიც გსურთ. მე კი სულს ვშთაბერავო.
როცა ადამებმა ცოლების „ამოგუნდავება“ დაასრულეს, ღმერთმა ლამბაქით შაქრის ნატეხები მისცა მათ და აუხსნა: აქ სულ ათი ნატეხი შაქარია. ყველამ თითო ნატეხი მიეცით ცოლებს, რომ მათთან ტკბილი ცხოვრება გქონდეთო.
როცა ლამბაქი დაცარიელდა, ღმერთმა შუბლი შეიკრა:
— სინამდვილეში ლამბაქზე ათი კი არა, თერთმეტი ნატეხი შაქარი იყო. თქვენს შორის ვიღაცამ ითაღლითა და ორი ნატეხი აიღო. ვინ ჩაიდინა ეს?
ყველა ადამი დუმდა.
მაშინ ღმერთმა ყველა ცოლი ერთმანეთში აურია და შემთხვევითობის პრინციპით ჩამოურიგა ისინი ადამებს…
ჰოდა, იქიდან მოყოლებული, ათიდან ცხრა მამაკაცს სჯერა, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია, იმიტომ რომ იმას ორი ნატეხი შაქარი აქვს ნაჭამი. და მხოლოდ ერთია დარწმუნებული, რომ ყველა ქალი ერთნაირია, იმიტომ რომ ზედმეტი ნატეხი შაქარი ქალს კი არ შეხვდა, არამედ თავად ადამმა შეჭამა.