“პანდემიის სახელით” საპატრულო ჯარიმები იზრდება, ზოგი უკვე გაიზარდა

გაჩერებული ქვეყანა დარტყმას არა მარტო კონკრეტული ადამიანების ჯიბეს, არამედ სახელმწიფოს ბიუჯეტსაც აყენებს. ბიუჯეტის შესავსებად გამოსავალი ერთია – რამე უნდა გაიზარდოს და ეს „რამე“ გადასახადებია.

დენის, გაზისა და წყლის გაძვირების შემდეგ, ავტომატურად ბიუჯეტში მეტი თანხა შევა, რადგან კომპანიებს შესაბამისი გადასახადი გაეზარდათ, თუმცა ამით მოსახლეობა შეღავათს ვერ მიიღებს. ამას წინათ გამცნეთ, რომ იგეგმება საპატრულო ჯარიმების გაძვირებაც, რაც უკვე აისახა, თუმცა პანდემიის სახელით – ამიერიდან, პირბადეზე უარის თქმა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაისჯება. უკვე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, ვიდეოჯარიმის შემდეგ, მძღოლს, ვის სახელზეც მანქანა არის გაფორმებული, მართვის მოწმობის ქულები დააკლდება. ანუ, თუ თქვენ მეგობარს მანქანას ათხოვებთ და ის წესებს დაარღვევს, ფულადი ჯარიმის გარდა, რომელსაც სავარაუდოდ მეგობარი გადაიხდის, ქულები ჩამოგეჭრებათ თქვენ, ანუ ადამიანს, რომელიც საჭესთან არ ყოფილხართ. რაც მთავარია, აღნიშნულს საპატრულოში ვერ გაასაჩივრებთ, რადგან მეგობარმაც არ უნდა ამტკიცოს, მე ვიყავი საჭესთანო, არ დაუჯერებენ. მიზეზი მარტივია, ვთქვათ თქვენი ქულები კრიტიკულ ზღვარზეა, მოგივიდათ ჯარიმა, მოჰკიდებთ ხელს იმ მეგობარს, რომელსაც ბევრი ქულა აქვს, ან საერთოდ ავტომობილი არ ჰყავს, მიიყვანთ საპატრულოში და ქულებს მას ჩამოაჭრიან. – ეს არის მათი ლოგიკა. ამიტომ, მოგიწევთ, მანქანა, რომელსაც მართავთ, თქვენზე გადაიფორმოთ და აგრეთვე უარი უთხრათ ნაცნობ-მეგობრებს მანქანის თხოვებაზე.

შესაძლოა, ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ საბანკო სექტორი მაქსიმალურად ცდილობს თითოეული ადამიანის გაკონტროლებას. აღარ ვამბობთ არაფერს კრედიტის მიღების სირთულეზე, ახლა „ფეი-ბოქსებიდან“ თანხის გადარიცხვაც გართულებულია. ანუ, სხვის ანგარიშზე თანხის დასმა შეუძლებელია, თუ შენი პირადი მონაცემები არ შეიყვანე. იგივე ხდება აზარტულ თამაშებზე (ეს ძალიან კარგია). ინტერნეტ-კაზინოებში ანგარიშის შევსება სერიოზულ სირთულესთან არის დაკავშირებული და ამის გამო, მათ მომხმარებელიც დაკარგეს, თუმცა არა იმ ოდენობით, საქმე სატირლად რომ ჰქონდეთ. საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებამ, შიდა კონკურენცია გაამძაფრა. ამ ბიზნესიდან უჩა მამაცაშვილის გასვლისა თუ წასვლის შემდეგ, აღარავინ დარჩა ისეთი, ვისაც ნავთობის მაგნატები გაითვალისწინებენ. სწორედ ამის ბრალია ის, რომ სხვადასხვა ბენზინ თუ გაზ-გასამართ სადგურებზე, ფასთა სხვაობა ზედმეტად თვალში საცემია და ხშირ შემთხვევაში ათ თეთრსაც კი აღწევს. ზოგადად, ბოლო ორი კვირაა, ბაზარზე სერიოზული თავისუფლება იგრძნობა, რამაც წესით ფასები უნდა გააიაფოს და კონკრეტულ პროდუქციაზე ასეც ხდება. სერიოზულ გაიაფებას ელოდებიან სამშენებლო მასალების მიმართულებით და ამ მოლოდინის პარალელურად, ხელოსნების მომსახურება გაძვირდა. კაფელ-მეტლახის დაგებამ კვადრატულზე 8-10 ლარით მოიმატა, იგივეა წყალანირების სისტემის მოწყობისა და შეფითხვა-შელესვის მიმართულებით. იმედი ვიქონიოთ, რომ ბაზარზე კვლავ არ გამოჩნდება მონოპოლისტი, რომელიც საკუთარი პირობების კარნახს დაიწყებს და საკუთარი ჯიბისთვის ზედმეტად მსუყე ფასებს დააწესებს.

და ერთი საინტერესო დეტალიც – ეროვნული ვალუტა თითქოს მშვიდად იყო გამაგრებული იმ პოზიციაზე, რომელსაც აგერ უკვე თვეზე მეტია არ თმობს, მაგრამ გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 40 მილიონი დოლარი მაინც გაიტანა გასაყიდად. ყველაფერი კი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაემთხვა. შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ არასტაბილურობის შეგრძნებას შესაძლოა ლარის სიმყარე გამოეცადა და ვალუტა კვლავ რამდენიმე პუნქტით გაუფასურებულიყო. ვერ გეტყვით, იმ 40-მა მილიონმა შეაჩერა ვარდნა თუ უბრალოდ, ხალხს ამაზე უარესის მოლოდინი უბრალოდ აღარ აქვს, მაგრამ ფაქტია – ლარი ისევ იქ დგას, სადაც ერთი თვის წინ გახლდათ.