ამხანაგო სტალინ: თქვენ, უფასო ბინებით, უფასო ჯანდაცვითა და განათლებით შენიღბეთ ის ბოროტებანი, რომელიც ახლა ჩამოვთვალე…”

ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

მოსკოვი, წითელი მოედანი, იოსებ სტალინს…

ამხანაგო სტალინ, 100 წლის წინ, 25 თებერვალს, თქვენ მიერ გამოგზავნილმა 11-ე არმიამ ეროვნული (მენშევიკური) დროშა ჩამოხსნა და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალა.

თქვენი ვერაგული მიზნები საგულდაგულოდ შენიღბეთ ისეთი ქმედებებით, რაც ხალხს სიკეთედ მიაჩნდა და სიხარულით ეგებებოდა:

1. კოლხეთის დაბლობზე თქვენ დააშრეთ ჭაობი და თვალუწვდენელ ტერიტორიებზე ციტრუსის, ჩაის, სიმინდის კულტურა გააშენეთ. შეჰქმენით გადამამუშავებელი უმდიდრესი ინფრასტრუქტურა. უწყლობით დატანჯულ აღმოსავლეთ საქართველოში კი გაიყვანეთ უნიკალური სარწყავი სისტემა;
2. თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ მძიმე და მსუბუქი მრეწველობის განვითარებას, ააშენეთ ათასობით ფაბრიკა-ქარხანა;
3. თქვენ ააშენეთ კულტურის სასახლეები, კლუბები, სპორტული მოედნები და დარბაზები, კურორტები, დასასვენებელი სახლები, სანატორიუმები, ტურისტული ბაზები;
4. თქვენ მოახდინეთ უმუშევრობის ლიკვიდაცია;
5. თქვენ დააფუძნეთ მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტები და დარგობრივი ინსტიტუტები, სადაც ცოდნას უფასოდ (უ ფ ა ს ო დ) ეუფლებოდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები;
6. თქვენ ჩამოაყალიბეთ ჯანდაცვის თავიდან ბოლომდე უფასო (უ ფ ა ს ო) უნიკალური სისტემა;
7. რაც მთავარია, თქვენ მოსპეთ ადამიანის მიერ ადამიანისა და კლასის მიერ კლასის ექსპლოატაციის ათასწლეულებში გაბატონებული სისტემები, დანერგეთ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ცხოვრების წესი.

ამხანაგო სტალინ, დიახ თქვენ ეს ყველაფერი ჩაიდინეთ, მაგრამ ჩაიდინეთ იმ არნახული ბოროტების შესანიღბავად, რისი პატიება დაუშვებელია:

1. თქვენ მოსპეთ ადამიანებს შორის წოდებრივი (გვარიშვილობა) განსხვავება და გამოაცხადეთ, რომ ყველა თანასწორია.
2. თქვენ მოსპეთ და გაანადგურეთ ადამიანთა სისხლისმწოველი ყველანაირი წარმონაქმნი – სპეკულანტები, ვაჭრები, ბიზნესმენები, ბანკირები, მევახშეები, კულაკები;
3. თქვენ გზა გადაუღობეთ და გასაქანი არ მიეცით ევროპულ (დასავლურ) ფაშიზმს, რომელიც იბრძოდა ზედმეტი ერებისა და ხალხების (ებრაელების, რუსების, სლავების, ბოშების და სხვების) ერთიანად გასაჟლეტად და მათგან დედამიწის გასანთავისუფლებლად.
ამხანაგო სტალინ, თქვენ თქვენი უფასო ბინებით, უფასო ჯანდაცვითა და უფასო განათლებით შენიღბეთ ის ბოროტებანი, რომელიც ახლა ჩამოვთვალე და, რომელსაც ვერავითარი სოციალური სამართლიანობა ვერ გადაფარავს…
და, ჰა, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლისთავისთვის საქართველო დაშლილია სამ ნაწილად, შენი წინამძღოლობით დაპყრობილი აფხაზები და ოსები დამოუკიდებლობას ეზიარნენ; აღდგენილია სპეკულანტთა, ბიზნესმენთა და ქორ-ვაჭართა ინსტიტუტები; აღდგენილია კომერციული ბანკები და გაიფურჩქნა მევახშეობის შენ მიერ ჩაწიხლული ინსტიტუტი. ჩვენ ისიც კი მოვახერხეთ, რომ საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ქართულად გვიკითხავენ ყველა დროის უდიდესი ქართველი პოეტის – კოლაუ ნადირაძის ლექსს, რომელიც შენს მიერ საქართველოს დაპყრობის ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება.
ამხანაგო სტალინ, ისე, როგორც 100 წლის წინ გიპატაკეს თბილისის თავზე აფრიალებული წითელი დროშის შესახებ, დღესაც უნდა გიპატაკოთ, რომ ერის უდიდესი შვილების (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი) მონდომებითა და მეცადინეობით თბილისის თავზე შენი წითელი დროშის ნაცვლად მენშევიკ-მასონების დროშა ფრიალებს.
ხალხი?
ხალხი დღეს შენს შემოსვლას გლოვობს და შენი მოწინააღმდეგეების აღზევებას ზეიმობს, ოღონდ ესაა, რომ წითელი დროშის ქვეშ მათი რაოდენობა თითქმის ექვს მილიონს თუ აღწევდა, დღეს სამი მილიონიც აღარ არის, მაგრამ შენ მიერ აშენებულ სოციალისტურ უბედურებაში მცხოვრებ ექვს მილიონს კაპიტალისტურ სამოთხეში მცხოვრები სამი მილიონი არ სჯობს? სჯობს, რა თქმა უნდა!
იოსებ ბესარიონის ძევ, მას შემდეგ, რაც შენი ძეგლი აღარ დგას გორში, საქართველოს თავისუფლების სანეტარო ჟრუანტელი უვლის. შენ ამას ვერ მიხვდები, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულება ყოფილა.
ვალერი კვარაცხელია
2021 წლის 25 თებერვალი,
საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავი