ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება აბსურდულ ვითარებაშია:
– მელიასთვის არავის არაფერი მიუსჯია. თეორიულად ჯერ კიდევ შეიძლება, რომ მელია გამართლდეს ამ საქმესთან დაკავშირებით. ის არ არის მსჯავრდებული. ამიტომ, როდესაც ადამიანს ასეთი პომპეზურობით იჭერ და, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარეა, რა თქმა უნდა, საქმე პოლიტიკურია.
ტაქტიკური მარცხი განიცადა ხელისუფლებამ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ უცხოეთიდან წამოვა აგრესია, რაც შეიძლება დასრულდეს მძიმე შედეგებით.
– სანქციებს არ უნდა ველოდოთ?
– თუ ასე გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე ეს საკითხი აუცილებლად დადგება.
– მოუწევს მელიას ციხეში დიდი ხნით ყოფნა?
– ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესზე. ფაქტია, რომ მოლაპარაკებების სივრცე საერთოდ დაიკეტა. საბოლოოდ მიჯახუნდა კარი.
ამას გარდა, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. რომელთა გადაწყვეტასაც სჭირდება საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ამ სიტუაციაში ხელისუფლება იქნება აფექტის მდგომარეობაში. ის აბსოლუტურად აფექტური და სტერილურია და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადია. ასე რომ, კარგ სცენარებს ვერ ვხედავ.
– თქვენ დაწერეთ, პოლიციას ნუ ლანძღავთ, ის ღარიბაშვილსაც დაიჭერსო. გაქვთ ამის მოლოდინი?
– ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ასე იქნება? მე დავწერე ის, რასაც ვფიქრობ. მე მგონი, რომ თქვენც ასე ფიქრობთ და არაფერი განსაკუთრებული არ დამიწერია, ასე იქნება. უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ ღარიბაშვილს არავინ არ დაიცავს.
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა