ხელისუფლება ჯარზე კონტროლს კარგავს – “ნიუპოსტისთვის” მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სამხედროები გამკაცრებულ კონტროლზე აიყვანეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ოპოზიციური მუხტია, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების მიმართ აქვს.
წყარო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადიდან “ნიუპოსტს” უყვება, რომ თავდაპირველად ჯარისკაცებს საინფორმაციო გამოშვების ყურება აუკრძალეს, ბოლოს კი ტელევიზორი საერთოდ ჩამოართვეს.
ზემდგომებს მიზეზი არ განუმარტავთ, თუმცა, სამხედროები ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილება დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ჯარისკაცები არ მალავენ, რომ ხელისუფლებას „რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაში ხელს არ შეუწყობენ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ“.
სამხედროები გააფრთხილეს, რომ მათ ტელეფონით სარგებლობის უფლებაც ჩამოერთმევათ, რაც, მათი შეფასებით, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციულ ვაკუუმს გამოიწვევს. წყაროს ინფორმაციით, ტელევიზორების ამოღება სხვა სამხედრო დანაყოფებშიც იგეგმება.
“ნიუპოსტი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც დეტალების დაზუსტებას შეგვპირდნენ, თუმცა, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც მათი ოფიციალური პასუხი არ ჩანს.
P.S. მასალის გამოქვეყნებიდან ცოტა ხანში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური დაგვიკავშირდა და განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.