ბრიტანული გამოცემა “თაიმსის“ («The Times») 26 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: “რუსეთის “ვაქცინური დიპლომატიის“ შედეგად ევროპა კრემლის “ნემსზე ჯდება“.
“ბრიუსელი თვლის, რომ რუსეთი, ჩინეთთან ერთად, ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს ევროკავშირის წევრ იმ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც ვაქცინის მწვავე უკმარისობას განიცდიან.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ვეროპელი რეგულატორის მიერ მხოლოდ სამი ვაქცინაა შემოწმებული: “ფაიზერ-ბიონთექ“ (Pfizer-BionNTech), “მოდერნა“ (Moderna) და “ოქსფორდ/ასტრაზენეკა“ (Oxford/Astrazeneca).
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრემლის “ვაქცინური დიპლომატიის“ ამოცანას ევროკავშირში განხეთქილების ჩამოგდებაც წარმოადგენს, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მოსკოვი თავისი მიზნის განხორციელებასთან ახლოს არის სლოვაკეთში, სადაც მთავრობა დაშლის პირასაა მმართველი კოალიციის მოქმედების გამო, რუსული ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით”, – წერს ავტორი.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმა თავისი უმცროსი კოალიციური პარტნიორი – პარტია “ხალხისათვის“ იმაში დაადანაშაულა, რომ მათთვის პოლიტიკანობა ადამიანების ბედის გადარჩენაზე უფრო ძვირფასია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც “ხალხოსნებმა“ დაბლოკეს რუსეთთან მოლაპარაკება ანტივირუსული ვაქცინის “სპუტნიკ-V”-ის შეძენის შესახებ.
სლოვაკეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც რუსული ვაქცინის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ერთი თვის წინათ უნგრეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან, რომელიც ვაქცინის სწრაფ მიწოდებას ითვალისწინებს, “სპუტნიკ-V”-ის შეძენის მიზნით დაინტერესებას იჩენენ ხორვატია და ჩეხეთიც.
რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვაქცინით ვაჭრობამ ბრიუსელი ჩიხში შეიყვანა. სწორედ ამიტომ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი დაინტერესდა, თუ “რატომ პირდება რუსეთი სხვა ქვეყნებს ვაქცინის მილიონობით დოზას, როცა კრემლს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია არ დაუმთავრებია“.
“თაიმსის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უშუალოდ რუსეთსა და ჩინეთში მოსახლეობის ვაქცინაციის დონე მხოლოდ 2%-ს აღწევს.