ექიმი თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში, პროფესორი, მაკა ბულეიშვილი კორონავირუსის ახალი შტამის თავისებურებებს განმარტავს, რომელიც საქართველოში უკვე იდენტიფიცირებულია, ასევე დადგენილია მისი სამი კლასტერი.
ექიმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული შტამი საქართველოში უკვე დაფიქსირდა, გადაჭრით იმის თქმა, მუსირებს თუ არა იგი მოსახლეობაში, არ შეიძლება.
“რაც შეეხება ბრიტანულ შტამს, ამ ვირუსის არსებობა უკვე დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მუსირებს, თუ არა იგი მოსახლეობაში, ასე მარტივად ამის თქმა არ შეგვიძლია. ჯერჯერობით, ველოდებით ჩვენი ექსპერტების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუკი ეს დადასტურდება, ამას სიფრთხილე სჭირდება და სხვანაირი მიდგომა,” – ამბობს მაკა ბულეიშვილი.
მაკა ბულეიშვილის განმარტებით, ახალი შტამის მახასიათებელი ნიშანი მისი ის არის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მალე გადადის და ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.
“ახასიათებს ის, რომ იგი ძალიან მარტივად ვრცელდება და ამ გავრცელების გარდა, ის დამახასიათებელი სიმპტომები რაც ზოგადად კორონავირუსს ახასიათებს, იგივე სიმპტომებით არის წარმოდგენილი, თუმცა შედარებით მსუბუქი სახით მიმდინარეობს. რაც არის მოცემული უცხოელი კოლეგებისგან კვლევებით, ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეტალობის მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი, იმასთან შედარებით რაც იყო კორონავირუსის შემთხვევაში. როგორც ადვილად ვრცელდება და როგორც ადვილად გადადის, ასევე ადვილად ექვემდებარება მკურნალობას და ასევე სხვადასხვა მრავალფეროვანი სიმპტომებით არის წარმოდგენილი” – ამბობს მაკა ბულეიშვილი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბრიტანული შტამის სამი შემთხვევა და მასთან დაკავშირებული კლასტერები იდენტიფიცირებულია.
წყარო: ptn.ge