“ეს არის რეპუტაციური რისკი ქვეყნისთვის” – ქეთი ქვარცხავას თქმით, ქვეყანაში კერძო საკუთრება არაა დაცული.
მთავრობა არარენტაბელურ ბიზნესებში შევიდეს თუ არ შევიდეს, სტრატეგიის ნაწილად ამ საკითხის წინ წამოწევა ამ სიტუაციაში არის არასერიოზული, – ამის შესახებ BLC Law Office-ის პარტნიორმა, ადვოკატმა ქეთი ქვარცხავამ „ანალიტიკაში“ განაცხადა. მან ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება შეაფასა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ქვეყანას ძალიან ბევრი სხვა გამოწვევა აქვს, რომელზეც პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ.
„ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. პირველი – ქვეყანაში კერძო საკუთრება არ არის დაცული. არის შემთხვევები, როდესაც ქონების გადაფორმება თაღლითური გზით ხდება. ვიცით, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი მიმართულებაა სამშენებლო ბიზნესი, სადაც მყიდველები ძირითადად უცხოელები არიან , რომლებიც ყიდულობენ აქტივს საქართველოში და ეს გარკვეულწილად ეხმარება ბიზნესის განვითარებას, მაგრამ მათი აქტივები არ არის დაცული. ბევრი შემთხვევაა, როცა გადაფორმებულია აქტივი და შემდეგ სისხლის სამართლებრივად გამოძიება არ მიმდინარეობს. შედეგად, პრაქტიკულად ეს ადამიანები კარგავენ ქონებას. ეს არის რეპუტაციური რისკი ქვეყნისთვის.
მეორე – ქვეყანაში მომატებულია რეგულაციები, იქნება ეს საბანკო თუ შრომის რეგულაციები და სხვა.
მესამე – ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვი, განათლების დონეც და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, ენერგომატარებლები ძვირია, ხოლო ინფრასტრუქტურა არ არის საუკეთესო. რამ უნდა მოიზიდოს ინვესტორი ქვეყანაში, ამაზე უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში და შემდეგ უნდა ვიფიქროთ იმაზე, სახელმწიფომ უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა კერძო ბიზნესის წარმოებაში. ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა მიიღოს. სახელმწიფომ უნდა შექმნას პლატფორმა საიმისოდ, რომ კერძო ბიზნესი ფუნქციონირებდეს წესიერად“ – განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.
მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფო არ არის მდიდარი, მას მთავრობა უნდა ჰყავდეს მცირე ზომის.
„ეს არ არის არანაირი მითი, ეს არის აბსოლუტური რეალობა და ეს არის მოთხოვნა, რომელიც მოსახლეობამ უნდა დააყენოს. გადასახადის გადამხდელების მხრიდან მთავრობაში დახარჯული ზედმეტი ფული არის აბსოლუტურად წყალში ჩაყრილი, როგორც ჩვენ ვხედავთ“ – დასძინა მან.
წყარო: report.ge