“იმედია, ზაფხულში ორი თვით ადრე გვეცოდინება როდიდან, რა პირობებით მივიღებთ ტურისტებს”…

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს გახსნის ნებართვა მიეცათ, ხოლო 8 მარტიდან უკვე საბაგიროების ფუნქციონირებაც ნებადართულია. გარდა ამისა, 25 ტებერვლიდან ნებადართულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც, შაბათ-კვირის ჩათვლით.

მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა მთის კურორტების სასტუმროების ნაწილი გახსნას ვერ ახერხებს, რადგან ამბობენ, რომ მოსამზადებლად დრო სჭირდებათ. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტურისტების ჩამოყვანის საკითხიც, რადგან ზამთრის სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება.

ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი ქეთი დოჭვირი იმედოვნებს, რომ ზაფხულშიც იგივე არ განმეორდება და მინიმუმ ორი თვით ადრე ეცოდინება ტურისტულ ბიზნესს, თუ როდიდან და რა პირობებით შეუძლიათ მიიღონ ტურისტები.

„ცალსახად უნდა ითქვას, რომ სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია და მეეჭვება ზამთრის კურორტებმა ფუნქციონირება შეძლონ. ალბათ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ზაფხულშიც ასე არ მოხდეს და დროულად ვიცოდეთ, თუ როდიდან, რა პირობებით უნდა შემოვიდნენ ტურისტები. გარდა ამისა, ჯერჯერობით ტურისტებისთვის შესათავაზებელი არაფერი გვაქვს და ალბათ მხოლოდ ჯოგური იმუნიტეტის იმედზე ვართ. პოზიტიური მხარე აქვს ამ ყველაფერს ის, რომ ტურისტების მხრიდან დაინტერესება არის. ჩამოსვლა უნდათ, თუმცა ბარიერებს ჩვენი მხრიდან ხვდებიან. ტურის გასაყიდი ფასები არ ვიცით და ა.შ“, – განაცხადა ქეთი დოჭვირმა.

გარდა ამისა, ტურიზმის სექტორისთვის ხელის შემშლელ მნიშვნელოვან ფაქტორად ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს მიაჩნია ე.წ. კომენდანტის საათი და ფიქრობს, რომ მიუხედავად ეკონომიკის რიგი სექტორების გახსნისა, ქვეყანა ჩაკეტილი რჩება. მაგალითისთვის კი ქეთი დოჭვირი ასახელებს კაფე-ბარებს, სადაც მოქალაქეებს მხოლოდ დღისით შეუძლიათ მისვლა და მათ შაბათ-კვირას ოპერირება ისევ შეზღუდული აქვთ.

„პრობლემაა ქვეყნებიც, საიდანაც ტურისტების შემოყვანა შეგვიძლია. თუ ვაქცინირებული მოქალაქეები შემოგვყავს, რატომ არ არის ჩამონათვალში მაგალითად თურქეთი, რადგან თურქებს პირდაპირ შეუძლიათ შემოსვლა საზღვრის კვეთით. გარდა ამისა, არ მესმის რატომ არის ჩამონათვალში სომხეთში, როცა ყველამ იცის, რომ ერევნიდან საქართველოსკენ ფრენა არ არის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ფორმალურია ყველაფერი. თუ შეგვეძლო, რომ მიგვეღო საკმაოდ კარგი რაოდენობა ტურისტების, ეს ყველაფერი მინიმუმამდე დაგვყავს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ასევე არავინ იცის, როდის დაიწყებენ ფრენას low-cost-ერები, რადგან „რაინეარმა“ თქვა, რომ არ იფრენს, ხოლო „ვიზეარის“ ბილეთები დევს, თუმცა არავინ იცის, ფერენები შესრულდება თუ არა.

„უკვე ერთი წელია ვიმეორებთ, რომ გადაწყვეტილებები გაცილებით ადრე უნდა გავიგოთ, ვიდრე წინა დღით ბრიფინგებზე. თუ ჩვენ გადაწყვეტილებების შესახებ არ გვეცოდინება 2 თვით ადრე, ჩავთვალოთ, რომ ამოძრავების პროცესი ორი თვით გადაიწევს და დაგვემართება იგივე, რაც გასულ წერს დაგვემართა, როცა საზღვრები გავხსენით მაშინ, როცა მოგზაურობა არავის უნდოდა და მწვანე ქვეყნის სტატუსიც ვერაფერში გამოვიყენეთ“ – ამბობს დოჭვირი.

წყარო: newposts.ge