კორონავირუსის პანდემიამ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზომა 4.4%-ით შეამცირა. ამავე დროს, მთელ მსოფლიოში დაჩქარდა ციფრული პროცესები. კერძოდ, თუ შარშან ქვეყნებმა არაერთხელ გამოაცხადეს “ლოქდაუნი”, ასევე, დაიხურა სკოლები და მთელი რიგი ინდუსტრიები, ციფრულმა სექტორებმა – იქნება ეს დისტანციური განათლების სფერო, ელექტრონული კომერცია თუ სახლიდან მუშაობა, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. რა ტენდენციებია ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყანაში და რა უნდა გააკეთონ მთავრობებმა და ინვესტორებმა ციფრულ ტალღაზე გადასავლელად?
HBR Russia ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზე (Digital Evolution Scorecard) დაყრდნობით წერს, რომ 2020 წლის ციფრულ რეიტინგში დიჯიტალიზაციის პროცესების მიხედვით, მსოფლიო ოთხ ნაწილად იყოფა: ლიდერი ქვეყნები, „შენელებული“ ქვეყნები, პერსპექტიული და პრობლემური ქვეყნები.
Digital Evolution Scorecard – ეს არის ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლის ანალიტიკოსების მიერ მომზადებული რეიტინგი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ციფრული ქვეყნების 2020 წლის შედეგებს გვთავაზობს. რეიტინგში აღწერილია, რამდენად მოწინავეა ამა თუ იმ ქვეყნის ციფრული გარემო და ფიზიკური ინფრასტრუქტურა ციფრული ეკოსისტემის ასაშენებლად ანუ რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ონლაინ მაღაზიებიდან პროდუქციის შეძენა და თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო სხვა მრავალი ციფრული პროცესი.
ამასთან, ტაფტის უნივერსიტეტის სკოლამ შეისწავლა მომხმარებელთა მოთხოვნაც – რამდენად ფლობენ ადამიანები ციფრულ უნარებს, ხოლო თავის მხრივ, რამდენად უწყობს ხელს ან პირიქით – აფერხებს ქვეყანაში მოქმედი კანონები და სამთავრობო ქმედებები ციფრულ განვითარებას და როგორია ინოვაციური ციფრული პროდუქტების მაჩვენებლები მსოფლიო რუკაზე.
რეიტინგის ლიდერ პოზიციებზე გვხვდება ისეთი ქვეყნები, რომლებიც დიჯიტალიზაციის მაღალი დონით და განვითარების მძლავრი ტემპით გამოირჩევიან. ეს ქვეყნებია: სამხრეთ კორეა, სინგაპური და ჰონგ-კონგი. სამეულს მოჰყვება ესტონეთი, ტაივანი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. საინტერესოა, რომ აშშ სინგაპურის შემდეგ მეორე უმაღლესი ციფრული ევოლუციის მქონე ქვეყანაა.
სააგენტოს ცნობით, მთავარი მიზეზი კი, რის გამოც ეს ქვეყნები დანარჩენი სამყაროსგან გამორჩეულ ნიშას ატარებენ, მათ მიერ არჩეული პრიორიტეტებია: ელექტრონული კომერციის, ციფრული გადახდების, ონლაინ გართობის სექტორის და სხვა სამომხმარებლო სერვისების დანერგვა; ციფრული სტარტაპების განვითარება, მოსახლეობისთვის სწრაფ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა; სპეციალიზირებული ციფრული პროდუქციის წარმოება და სხვა.
ლიდერების შემდეგ, ე.წ. პერსპექტიული ქვეყნები მოდიან; მათ, მართალია, შეზღუდული ციფრული ინფრასტრუქტურა აქვთ, თუმცა სწრაფად შეუძლიათ ამ მხრივ ცვლილებები განიცადონ. ამ ზონაში ჩინეთი მნიშვნელოვნად უსწრებს ყველა სხვა ქვეყანას: სწრაფად მზარდი მოთხოვნის და ინოვაციების კომბინაციის გამო. მას მოჰყვება ინდონეზია და ინდოეთი – ისინი ზრდის ტემპით მსოფლიოში მესამე და მეოთხე ადგილებს იკავებენ. მსხვილი განვითარებადი ქვეყნების გარდა, კატეგორია რამდენიმე საშუალო ზომის ქვეყანასაც მოიცავს: მაგალითად, კენიას, ვიეტნამს, ბანგლადეშს, რუანდას და არგენტინას. ჩამოთვლილ ქვეყნებში ციფრული განვითარების პროცესი დაჩქარებულია, რაც დიჯიტალიზაციის პოტენციალზე მიუთითებს და სასიკეთო გავლენას მოახდენს როგორც COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ეკონომიკურ აღდგენაზე, ასევე, ქვეყნების გრძელვადიან ტრანსფორმაციაზე.
შემდეგი ე.წ. შენელებული ქვეყნებია, რომლებსაც ციფრული სისტემები აქვთ, მაგრამ განვითარების ტემპი დაბალია. საგულისხმოა, რომ ამ ქვეყნებიდან ბევრი ევროკავშირის წევრია. ანალიტიკოსების განმარტებით, ეს შედეგი ნაწილობრივ განპირობებულია ეკონომიკის ზრდის ბუნებრივი შენელებით, რაც, როგორც წესი, ქვეყნის ეკონომიკურ სიმწიფეს მოჰყვება ხოლმე. ზრდის ტემპის დასაბრუნებლად, ე.წ. შენელებული ქვეყნების პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს: მათ ინვესტიციები უნდა ჩადონ მარეგულირებელ გარემოსა და კაპიტალის ბაზრებში სამომავლო ინოვაციების მხარდასაჭერად; გამოიყენონ ისეთი რეგულაციები, რომლებიც მიმართული იქნება ციფრული შესაძლებლობების სამართლიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და ამასთან, ყველა მომხმარებლის კონფიდენციალობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული კიბერშეტევებისა და სხვა საფრთხეებისგან; ამასთან, უნდა შექმნან ისეთი ტექნოლოგიები და ეკოსისტემები, რომლებიც სამომავლოდ ინოვაციების წარმოებას შეუწყობენ ხელს.
და ბოლოს, არსებობს ე.წ. პრობლემური ქვეყნების ზონაც, რომელიც მოიცავს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის და სამხრეთ ევროპის ქვეყნებს. ეკონომისტები ამ ზონაში შემავალ ქვეყნებს ურჩევენ, აიღონ პერსპექტიული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მაგალითი ციფრული ზრდის, როგორც ეკონომიკური მდგრადობის ინსტრუმენტის გამოყენებაში. უფრო ზუსტად, იქ, სადაც ციფრულ სეგმენტზე დიდი მოთხოვნაა, პრიორიტეტები უნდა იყოს შემდეგი:
• გრძელვადიანი ინვესტიციები ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად;
• ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული პროდუქტებისა და სერვისების უსაფრთხო და ფართო განაწილებას, მით უფრო იმ ფონზე, როცა ეს პროდუქტები ზრდიან დასაქმებულების პროდუქტიულობას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
• მოსახლეობის ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ხელმისაწვდომობის განვითარებას;
• დასასრულს, ისეთი აპლიკაციების მხარდაჭერა, რომლებიც მწვავე პრობლემებს გადაჭრის და შესაძლოა, ციფრული ხელსაწყოების გავრცელების კატალიზატორიც კი გახდეს.
წყარო: itv.ge