თელავის მერიამ ავტომობილის 70-ლიტრიან ავზში ერთჯერადად 110 ლიტრი საწვავი ჩაასხა – აუდიტი

თელავის მერიამ ავტომობილის 70-ლიტრიან ავზში ერთჯერადად 110 ლიტრი საწვავი ჩაასხა. ამის შესახებ თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი.

„წარმოდგენილ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, 2018-2019 წლებში გამოვლინდა 5 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 61 შემთხვევა. ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 4435 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ „ჩიპი“ მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტი ამბობს, რომ მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. ასევე, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული „ჩიპის“ მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები, წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს.

„მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია დასკვნისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე“ – წერს აუდიტი.

აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში თელავის მუნიციპალიტეტმა 313.2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი მოიხმარა, მათ შორის: 85,775.6 ლიტრი ბენზინი – 137.9 ათასი ლარი, 22,432.8 ლიტრი დიზელი – 50.6 ათასი ლარი და 94,920 კუბ.მ ბუნებრივი აირი – 124.7 ათასი ლარი.

წყარო: ptn.ge