ზურა ოდილავაძე: ჩემი დიდი მასწავლებლები

ჩემი დიდი მასწავლებლები
მასწავლებელი – ვინც ადამიანისგან ძერწავს კონკრეტულ პიროვნებას.

დაახლოებით 14 წლის ასაკიდან, ჩემი პირველი დიდი მასწავლებელი გახდა – თბილისი. ამ ქალაქმა მასწავლა, რომ ვინც არ უნდა გამოხვიდე – ,,პროფესორი“ თუ ქუჩის მაწანწალა – მთავარია – ,,არ შეგეშალოს – არ ჩაიჭრე!“, ანუ კაცობა. აქედან იწყება გზა ადამიანობისკენ…
ასე 40 წლის შემდეგ, მეორე დიდ დამრიგებელს წავაწყდი – კვდომის ტკივილს… როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს და მითხრეს, რომ სულ რაღაც ერთ-ორ კვირაში უნდა მოვკვდე. სამი წელი საწოლზე ვიდე, ჭერში ვიყურებოდი და სიკვდილს ველოდი…
ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ჯერ ყველაფერი, რისი გულისთვისაც ცხოვრება თითქოს ღირს – როგორც ეს მას მანამ ასწავლეს, უნდა დაკარგოს და ამ გზით გაიგოს ჭეშმარიტი თავისუფლების ფასი! თავისუფლება – ეს არის სიკვდილთან მაქსიმალური და ხანგრძლივი მიახლოება, რადგან ადამიანი, მხოლოდ სიკვდილის პირას ხვდება ზუსტად, თუ რას ნიშნავს ,,ამაოება ამაოთა“ – წარმატება, სიმდიდრე თუ ულამაზესი ქალი, სხვა წვრილმანი ზრახვები და ,,დიდი წყენები“ – ,,ყოველივე ამაოა”… მარტო ამ გზით მოდის მთავარი შიშის, სიკვდილის შიშის მეტ-ნაკლები დაძლევა. ეს კი გახლავთ თავისუფლებისკენ გზის დასაწყისი…
დაახლოებით 55 წლის ასაკში, უფრო კი 60 წლის შემდეგ მესამე დიდი პედაგოგი მესტუმრა – ქართული ბატონყმობა. ელიტარულმა სექტამ მკაფიოდ დამანახა, რომ თუ სიამაყე და ფუფუნებისადმი ძლიერი მიდრეკილება მიუშვი, ნებისმიერი ადამიანი მტაცებელ მხეცად იქცევა; ფეოდალიზმის ბურჯების გულქვაობამ შემარიგა იმ უსამართლობის გარდაუვალობას, რომელსაც ვერასდროს ვერ დაძლევ, რადგან მათი მთავარი შიში – საშუალოობა – იგივე გაქრობის (სიკვდილის) შიშია და მისგან ნაწილობრივ მაინც თავის დაღწევა, მხოლოდ ,,სოციალური მცოცავების“ კოლექტივის ქება-დიდებით არის შესაძლებელი. კოლექტივი კი დაუმარცხებელია და ამას უნდა შეურიგდე. ამიტომ ვუწოდე ამ ხალხს – ჩემ ,,საცხოვნებლად“ მოვლენილნი…
ზემოჩამოთვლილი სამი მასწავლებლის მეცადინეობით კი მთავარს მივაგენი – ეკლესიის სკოლასა და კანონმდებელს, ანუ ღმერთს! აქ შემდეგი ,,კლასები“ იყო გასავლელი:
– განსაცდელებისა და შეცდომების შედეგად გამომუშავებული რიგითობისა და ცოდვილობის შეგრძნება. აქედან კი – სინანული, თავმდაბლობა და პატიების უნარი;
– გულწრფელობა და, რადგან სიყვარული არ შეგიძლია, კეთილგანწყობილება მაინც.
– სულ ბოლოს კი მოდის შეგნება იმისა, რომ ადამიანი ბავშვივით უმწეოა – მაინც ის მოხდება, რაც უნდა მოხდეს. შენ ის ცხოვრება გაიარე, რომელიც შენივე სარგებელისთვის უნდა გაგევლო და ამ რთულ გზაზე აშკარად არ იყავი მარტო. ყველაზე დიდი მასწვალებელი მუდამ გახსენებს, რომ მრავალრიცხოვანი დაცემის შემდეგ, უნდა წამოდგე და, მიუხედავად ყველაფრისა, წესიერებისკენ იარო. ადამიანის ბედ-იღბალს შენთვის მიუწვდომელი სიბრძნით ერთი ,,კანონმდებელი“ წარმართავს და ამიტომ ამაოდ ნუ შფოთავ და გაუთავებლად ნუ ფუსფუსებ – მას მიენდე, მან იცის. განსაცდელს, თუ მას მორჩილებით აიტან, აუცილებლად, საჭირო დროსა და საჭირო სახით მოჰყვება ჯილდო.
– ცხოვრების მთავარი სიბრძნე კი – ,,უსამართლობასთან შერიგების კანონია“: ადამიანი არ იბადება კაიფისთვის, არც ფუფუნებისა თუ სიამოვნებისთვის, არამედ წვალებისა და ტკივილისთვის… და ბედნიერებისა და სიყვარულის იშვიათი წუთებისთვის.
ამიტომ თუ დათრგუნავ ქვეცნობიერს, სურვილებსა და ვნებებს, ანუ საკუთარ ,,მეს“, შენ გაიმარჯვებ სამყაროზე – ქვეყნიერებაზე – ანუ ამქვეყნიურ ამაოებაზე და იმაზე, რასაც დღეს ,,წარმატება“ ჰქვია… და გაგიჩნდება თუნდაც იმედი იმისა, რომ სიკვდილი არ არსებობს!
ზ.ო. – 2021, თებერვალი

ზურა ოდილავაძე