როცა შენ ქვეყანაში მართავ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და შენ ჩააგდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნოემბერში, პასუხისმგებლობა უნდა აიღო და მთავარი ეპიდემიოლოგი უნდა გადადგეს სამსახურიდან – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, მაგალითად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ჩავარდნის გამო, ჩეხეთში მთავარი ეპიდემიოლოგი გადადგა.
“ჩვენი ეპიდემიოლოგი კი გამოდის და იძახის, ვაიმე, რა ვქნათ. პასუხისმგებლობის აღება, ბოდიშის მოხდა ჩვენ არ ვიცით ამ ქვეყანაში” – ამბობს ფხაკაძე და აღნიშნავს, რომ ეს არის ნაზავი არაპროფესიონალიზმის, კორუფციის და კიდევ რაღაცეების ერთად.
“დიდი ხნის წინათ ვამბობდი, რომ პენსიონერები უნდა წავიდნენ სახლში, როცა ადამიანი ვერ აკეთებს საქმეს, ის დგება და ამბობს, საქმეს ვეღარ ვაკეთებ უნდა წავიდე. ამას გარდა, კერპების შექმნა რომ გვაქვს ქართველებს, ვიღაც სასწაული ექიმია, აი, ძალიან მაგარია, ექიმი აკეთებს თავის საქმეს, ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე, ანუ საქმის მკეთებელი უნდა იყო და შენს საქმეში უნდა იყო პროფესიონალი” – თქვა ფხაკაძემ და აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი, რაც მოხდა ნოემბერში.
“პირდაპირ და პირველად ვამბობ ამას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი, რაც მოხდა ნოემბერში და დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ახლა. ჯანდაცვის მინისტრი არ არის ტექნიკური ადამიანი, ტექნიკური ადამიანი არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც იმალება რაღაცის უკან, მაგათი პასუხისმგებლობაა” – განაცხადა ფხაკაძემ.
წყარო: ptn.ge