კითხვა – უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს. პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის აზრით, თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების სურვილი – ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ვიღაცასა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით, რომელთა აქტივებსაც ეხებათ მშენებლობა, ყველაფერი დანარჩენი კი „სისულელეა“, მათ შორის ის, რაც ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა.
„ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ ქვეყენაში პოლიტიკოსებს სჯერათ რომ როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცეების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი. და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი“,- წერს ჯაფარიძე.
გუშინ ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ტრადიციულად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.
“იმედინიუსი”