ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იძულებული გახდება, თანამდებობა უახლოეს თვეებში დატოვოს. ამის შესახებ ტიხანოვსკაიამ გერმანულ ყოველვკირეულ გამოცემა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტიხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკოს რეჟიმზე მზარდი ზეწოლა ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან აუცილებლად გამოიწვევს მის გადადგომას.
“წნეხი დღითიდღე გაიზრდება და ერთ დღესაც ის ლუკაშენკოსთვის გაუსაძლისი გახდება, ამიტომ ის წავა. ლუკაშენკოს რეჟიმი წელს დაეცემა, ვფიქრობ, რომ ეს გაზაფხულზე მოხდება” – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.
ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ბელარუსში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, ათასობით ადამიანი დაშავდა, დააპატიმრეს და დააკავეს, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. ცხრა ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. იგი აქტიურად უჭერს მხარს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას და ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლის გასაძლიერებლად შეხვედრებს მართავს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან.
წყარო: newposts.ge