ბოლო რამდენიმე დღეა სომხეთში საპროტესტო აქციები არ წყდება. აქციებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
მოძრაობამ „სამშობლოს გადასარჩენად“ მორიგი აქცია დღეს, 1 მარტს 18:00 საათზე დააანონსა.
„ძვირფასო თანამემამულეებო!
თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მონაწილეობით დავადასტურებთ იმას, რომ არ შევეგუებით ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ერთი ადამიანის მიერ დემონტაჟს. ჩვენ მხარს დავუჭერთ არმიას, პრეზიდენტს და ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოებრიობას. ამ მთავრობის წასვლა გარდაუვალია. გავაერთიანოთ ჩვენი ძალები“,- ნათქვამია მოძრაობა„სამშობლოს გადასარჩენად“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|რა ხდება სომხეთში
სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 25 თებერვალს ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
მანამდე, 24 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი გაანთავისუფლა. თანამდებობიდან გათავისუფლებამდე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ტირან ხაჩატრიანმა გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანის განცხადება რუსული სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერის“ არაეფექტურობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრის ამ ნაბიჯის შემდეგ გენერალურმა შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, მომხდარის შესახებ უკმაყოფილება გამოხატა და ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა.
„პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. დიდი ხნის მანძილზე სომხეთის სამხედრო ჯარები მოთმინებით იტანდნენ მოქმედი მთავრობის შეტევებს, რომლის მიზანიც შეიარაღებული ძალების ცილისწამება იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“,- ნათქვამი იყო გენერალურმი შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ფაშინიანის მთავრობამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით „სერიოზული შეცდომები“ დაუშვა, რამაც ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა.
ფაშინიანმა ეს განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მან საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
„ჯარი არ არის პოლიტიკური ინსტიტუტი და მცდელობები, ჩარიო ის პოლიტიკაში, მიუღებელია“,- ასე მიმართა ფაშინიანმა მხარდამჭერებს.
პრემიერ-მინისტრმა ოპოზიცია სალაპარაკოდაც მიიწვია და თქვა, რომ ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება „მხოლოდ არჩევნების მეშვეობით“ უნდა განხორციელდეს. თუმცა, ოპოზიციის აქციები მთავარ მოედანზე მისი გადადგომის მოთხოვნით არ წყდება.
|როგორ გამოეხმაურა განვითარებულ მოვლენებს სარქისიანი
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა, რომელსაც ქვეყანაში უფრო ფორმალური როლი აქვს, ორივე მხარეს საერთო პოზიციების გამონახვისკენ და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
ორმა სომხურმა ოპოზიციურმა პარტიამ კი ფაშინიანს მიმართა, ყველა ძალისხმევით აირიდოს ცივი ომი.
ასევე, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა უარყო პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, განკარგულება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ამის შემდეგ, ფაშინიანმა განკარგულება პრეზიდენტს ხელახლა გაუგზავნა. ფაშინიანის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას. პარალელურად სომხეთის მმართველ პარტიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამის შესახებ ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, ვაან ოვაკიმიანმა განაცხადა.
სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭრო.
|საერთაშორისო გამოხმაურებები
სომხეთში მიმდინარე პროცესებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოეხმაურა. ალიევის თქმით, სომხური არმია აღარ არსებობს და არც უნდა იარსებოს. ხოლო თუ ვინმეს რევანშისტული აზრები ექნება, ის „პირველი მიიღებს მუშტს“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ომის შემდეგ დაიმსხვრა მითი, თითქოს სომხური საზოგადოება ერთსულოვანი იყო და ერთი მიზნის გარშემო იყვნენ გაერთიანებულნი. ომის შემდეგ კი მარცხს ყველა ერთმანეთს აბრალებს და ქვეყანა კრიზისში ჩაეფლო, ხოლო აზერბაიჯანი ამ დროს განვითარებას განაგრძობს.
„ჩვენ არასდროს მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დაგვემუქრონ, საფრთხე შეუქმნან გათავისუფლებულ მიწაზე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – თქვა ალიევმა.
სომხეთში განვითარებულ მოვლენებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუც გამოეხმაურა.
„თურქეთი მკაცრად გმობს სამხედრო გადატრიალების მცდელობას სომხეთში. ჩვენ ვეწინააღმდეგებით გადატრიალებებს და გადატრიალების მცდელობებს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. კავკასიამ სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი მოიპოვა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, სომხეთში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვი ქვეყნის შიდა საქმედ მიიჩნევს.
„შეშფოთებით ვაკვირდებით სომხეთში ვითარების განვითარებას. ჩვენ ამას სომხეთის, როგორც კავკასიაში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ახლო მოკავშირის, შიდა საქმედ მივიჩნევთ“ – აღნიშნა პესკოვმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავშეკავება გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რამაც ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს. შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესში არ უნდა ჩაერიონ“,- განაცხადა პრაისმა.
სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირიც.
„ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სომხეთში განვითარებულ მოვლენებს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდე გამოიჩინონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი რიტორიკა ან ქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია. პოლიტიკური უთანხმოებები მშვიდობიანად და საპარლამენტო დემოკრატიის პრინციპებისა და პროცესების მკაცრი დაცვით უნდა გადაწყდეს. სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, შეიარაღებულმა ძალებმა „უნდა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი პოლიტიკურ საკითხებში და სამოქალაქო კონტროლის ქვეშ იყვნენ“. დემოკრატიული და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება ერთადერთი გზაა, რომლითაც სომხეთი შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს“ – ნათქვამია განცხადებაში.
|რა ხდებოდა სომხეთში მანამდე
აღსანიშნავია, რომ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოსახლეობა ჯერ კიდევ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვდა.
კერძოდ, შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული ჰქონდა სომხურ მხარეს გაზახის რაიონში, უბრუნდებოდა აზერბაიჯანულ მხარეს.
გადაწყვეტილება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა.
პუტინი-ალიევი-ფაშინიანის ხელმოწერილი დოკუმენტი: მხარეთა შეთანხმება და შედეგები დეტალურად
მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენტო PTN.ge