როგორც ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეები ბევრად უფრო ხშირად ხდებიან ჰაკერული ძარცვის მსხვერპლი, ვიდრე სამოქალაქო პირები.
აშშ-ის საიდუმლო სამსახური ეძებს რუს ჰაკერს, რომელმაც 22 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მონაცემები მოიპარა, იუწყება გამოცემა Daily Beast უწყების განცხადებაზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, რომ 22-ვე დაზარალებული სამხედრო ღირსების მედლითაა დაჯილდოებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერმა ამერიკის გმირების მონაცემები იმ მიზნით მოიპარა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული საცალო მაღაზიებიდან ძვირადღირებული ნივთები შეეძინა.
ირკვევა, რომ დამნაშავემ სხვისი სახელით შეიძინა 55 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი, მერე კურიერების ქსელის დახმარებით დაგზავნა ოც სხვადასხვა მისამართზე ქვეყნის მასშტაბით, რის შემდეგაც ეს ყველაფერი რუსეთში გაიგზავნა.
საიდუმლო სამსახურის ცნობით, უწყებამ უკვე დაიწყო მუშაობა დამნაშავის დასადგენად.
ამასთან გამოცემა აშშ-ის ფედერალურ სავაჭრო კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი სამხედროები, სამოქალაქო პირებთან შედარებით, 76%-ით მეტად ხდებიან კიბერშეტევების მსხვერპლი. მაგალითად, გასულ წელს კომისიამ 50 ათასი საჩივარი მიიღო სამხედროებისგან პირადი მონაცემების მოპარვასთან დაკავშირებით. ამასთან, თაღლითური ქმედებებით მიყენებული ზარალის საშუალო რაოდენობა ერთ კაცზე დაახლოებით 600 დოლარია. ეს კი იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე სამოქალაქო პირებისთვის პირადი მონაცემების მოპარვის გზით მიყენებული ზარალი.