ეს რა იკადრეთ, ბ-ნო თენგიზ?!… ეს რა სამარცხვინო და საშვილიშვილო სისულელე მოგვახალეთ სახეში?!…

ეს რა იკადრეთ, ბ-ნო თენგიზ?!
მოემზადეთ, გაუგონარი სისულელისა და სიბინძურის მოსასმენად. ექიმმა თენგიზ ცერცვაძემ “რუსთავი 2”- ის ეთერიდან რამდენიმე წუთის წინ ასე ბრძანა:

“რუსულ ვაქცინას არც ვახსენებ, იმიტომ, რომ არც ნდობას არ იმსახურებს და, რაც მთავარია, პოლიტიკურად მიუღებელია. რუსული ვაქცინა კარგიც რომ აღმოჩნდეს, საქართველო მასზე ალბათ უარს იტყვის.”
გესმით?
ექიმი გვეუბნება, – რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, მასზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ა დ მიუღებელიაო.
დადებითად ვიყავი ამ პიროვნების მიმართ განწყობილი, მაგრამ შემძრა მისმა მკრეხელურმა განცხადებამ.
რუსული ვაქცინა ნდობას არ იმსახურებსო, რომ აცხადებთ, რამე სპეციალური გამოკვლევა აწარმოეთ, თუ სხვათა ნათქვამებს ეყრდნობით? სხვათა ნათქვამებს თუ ეყრდნობით, რუსულ ვაქცინას დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში უმაღლეს შეფასებას აძლევენ და, აქედან გამომდინარე, ასე უპასუხისმგებლო განცხადების გაკეთების უფლება თავს რატომ მიეცით?!
თქვენი განცხადების მეორე ნაწილი საერთოდ განსაცვიფრებელია. ექიმი, წამალი, დახმარება, ჰუმანიტარული ურთიერთობები საზღვრებს რომ ვერ გუობს, თქვენ, ასაკოვან ექიმს, აქამდე არ გაგიგიათ?
იმ რუსული და საბჭოთა სამეცნიერო სკოლის აღზრდილი რომ ხართ, იმიტომაც ბრძანდებით კარგი სპეციალისტი, მაგრამ საკვირველი ისაა, რატომ ხართ ასე ანგაჟირებული და დასავლეთის იმ “მეხუთე კოლონის” ფეხის ხმას აყოლილი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ააოხრა და გააუბედურა?!
რუსული ვაქცინა კი არ არის პოლიტიკურად მიუღებელი, თქვენი უბადრუკი პოლიტიკოსობაა პოლიტიკურადაც და ზნეობრივადაც მიუღებელი.
ეპოქალური კლიშეების წინაშე კონიუნქტურული კუდის ქიცინი ნებისმიერ ასაკში სამარცხვინოა, მაგრამ ჩემსა და თქვენს ასაკში შემზარავია.
თქვენგან ხალხი იმის თქმას ელოდებოდა, წამლისა და მკურნალობისთვის საზღვრის დაწესება კატეგორიულად მიუღებელიაო, თქვენ კი ეს რა სამარცხვინო და საშვილიშვილო სისულელე მოგვახალეთ სახეში?!
ამ ნათქვამით თქვენ თქვენი მეცნიერული ღვაწლი გადახაზეთ და ქართველი ხალხის თვალში პატარა სარგებელს დახარბებულ პოლიტიკანამდე ჩამოქვეითდით, რაც დასანანია…
სხვა რა გითხრათ,
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

ვალერი კვარაცხელია
3 მარტი, 2021 წ.